ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში დაიწყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალთან სტანისლავ კარჩევსკისთან ერთად, ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი ძეგლის გვირგვინით შემკობით დაიწყო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დელეგაციასთან ერთად, ვარშავის აჯანყების მუზეუმი დაათვალიერა.
პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ორმხრივ ურთიერთობასა და ევროპაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებენ. გიორგი ვოლსკიმ ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე, რომელსაც ხელი ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.
„პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით განვითარდება-როგორც კანონშემოქმედებითი თვალსაზრისით, ასევე, ურთიერთმხარდაჭერის მიმართულებით, სხვადასხვა საპარლამენტო დელეგაციებისა და საერთაშორისო დონეზე“,-აღნიშნა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა.
პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ილია დარჩიაშვილის თქმით, ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლებლობა ექნება, უკვე ხვალ შეხვდეს პოლონეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ პრემიერ მინისტრს. საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომელიც დატვირთულია საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრებით. ეს იქნება დამატებითი იმპულსი, დამატებითი შესაძლებლობები ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების საქმეში“,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები