კახა კალაძემ საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში 2018 წლის თბილისის ბიუჯეტის განხილვისას საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა.

“კვირა” თბილისის მერის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“მივესალმები საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ტყემალაძეს!

მოგესალმებით ძვირფასო საკრებულოს წევრებო!

დღეს მე აქ ვიმყოფები როგორც დედაქალაქის მერი და ჩემს გუნდთან ერთად წარმოვადგენ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტს. თუმცა, მანამდე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ კარგად ვიცით ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს აქტუალურია ქალაქისთვის, რომელიც აწუხებს თბილისს, თბილისელებს. რა თქმა უნდა ეს პრობლემები გვაწუხებს ჩვენც.

მხედველობაში მაქვს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, საცობები, მოუწესრიგებელი პარკინგი, უსახური და ხშირად კანონდარღვევით მიმდინარე ქაოტური მშენებლობები, სოციალური პრობლემები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ცხოველთა დაცვის კუთხით არსებული პრობლემები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ…

თითოეული ჩვენგანი არის მოტივირებული იმ უდიდესი პასუხისმგებლობით ქვეყნის დედაქალაქის წინაშე, რომელიც არა მარტო ჩვენმა ამომრჩეველმა დაგვაკისრა, არამედ შინაგანი ვალდებულება, მორალი და თბილისის, ამ ქვეყნის სიყვარული გვკარნახობს.

რასაკვირველია, არსებული პრობლემების ფონზე კარგად გვაქვს თითოეულ ჩვენგანს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, და პირადად მეც კარგად მაქვს გაცნობიერებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა იყო დედაქალაქის მერი.

ჩვენ მთელი წინასაარჩევნო და მოსამზადებელი პერიოდი, დეტალურად ვსწავლობდით თბილისის მტკივნეულ საკითხებს, პროფესიონალებთან ერთად გავდიოდით მთელ რიგ თემებს და ყველაფერზე გვაქვს დამუშავებული, გათვლილი ხედვები. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, რევოლუციური გარდასახვები შევიტანოთ ქალაქის განვითარებაში და წინსვლაში.

პროფესიონალების ჩართულობით შევიმუშავეთ ჩვენი ქალაქის განვითარების ახალი გეგმა, რომელიც წარმოვადგინეთ საარჩევნო პროგრამის სახით და დედაქალაქის მცხოვრებლებმა, თბილისელებმა მაღალი ნდობა გამოუცხადეს ჩვენს საარჩევნო პროგრამას.

ეს არის ის პროგრამა, რომელიც თბილისს ნამდვილად აქცევს სიცოცხლით სავსე ქალაქად და ჩვენ მერიაში შესვლის პირველივე დღიდან აქტიურად დავიწყეთ ამ პროგრამის აღსრულება.

თბილისელების მხარდაჭერილ პრიორიტეტებზე დაყრდნობით, ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა ახალი ბიუჯეტი. დღეს ჩვენ გთავაზობთ ბიუჯეტს, რომელიც არა ჩემს, ჩემი თანაგუნდელების, ან რომელიმე კონკრეტული ჯგუფის სურვილებზეა აგებული, არამედ ორიენტირებულია თბილისის განვითარებაზე და წინსვლაზე.

არსებულ მოცემულობაში ბიუჯეტის პარამეტრები ოპტიმალურად იქნა გადანაწილებული. მე დარწმუნებული ვარ, ვისაც თბილისისთვის სიკეთე სურს, ის მხარს დაუჭერს ამ ბიუჯეტს. მხარს დაუჭერს არა იმიტომ, რომ ამ ბიუჯეტს წარმოადგენს კახა კალაძე, ან რომელიმე კონკრეტული პირი, არამედ იმიტომ,რომ ეს არის ის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს ქალაქს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ მე და ჩემი გუნდი ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პირთან, რომელსაც ქალაქის პრობლემები აწუხებს – ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს არც პარტიული კუთვნილების და არც პოლიტიკური გემოვნების მიხედვით, როგორც ეს ხდებოდა წარსულში წლების განმავლობაში.

მართლაც გვაქვს ამბიცია, რომ თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე გამჯდარი დაშორიშორების, მიკერძოების და გახლეჩილობის მახინჯი პოლიტიკური ტენდენციები ძირფესვიანად აღმოიფხვრას.

მე მჭირდება ნებისმიერი სახის თანამშრომლობა მუშაობისას და ზურგით არ ვუდგები აზრიან და საფუძვლიან კრიტიკას. მოგმართავთ აქ წარმოდგენილ ოპოზიციას – ნურც თქვენ დაუდგებით ზურგით რეალობას, იფიქრეთ არა პოლიტიკური ქულების დაწერაზე თქვენივე მომხრეების თვალში, არამედ თბილისის სასიკეთო საქმეებზე, სადაც პირველ რიგში ადამიანები, მოქალაქეები ცხოვრობენ.მე ძალიან კარგად მესმის, რომ როდესაც ვსაუბრობთ სიცოცხლით სავსე ქალაქზე, თქვენ არ გსიამოვნებთ. ჩემო მეგობრებო, კი არ უნდა გწყინდეთ და გაბრაზებდეთ ეს, თუ მართლა გაღელვებთ თბილისის ბედი, არამედ უნდა ითხოვდეთ ამ ჩანაფიქრის რეალიზებას და მასში მონაწილეობას. დღეს დედაქალაქი ისეთ მდგომარეობაშია, საქმე მართლაც ყველას ეყოფა. ვინმე კარებს რომ გიკეტავდეთ, ფანჯრებიდან უნდა შედიოდეთ თუ რაიმეს კეთების სურვილი გაქვთ. არ გინდათ სიცოცხლით სავსე ქალაქად გარდაქმნაში მიიღოთ მონაწილეობა? კი ბატონო არც ეს არ არის პრობლემა – საქმე ლაპარაკის ნაცვლად ქენით – ეგეც წაადგება დედაქალაქს.

შეგახსენებთ, ჩემს გუნდს ურთულესი ამოცანა უდგას წინ, რომელსაც აქვს ორი გზა:პირველი კვლავ გარდამავალი პერიოდის ფორმატში, ეპიზოდური,სამეურნეო პრობლემები გადაუწყვიტოს მოსახლეობას, ან ძირეული ცვლილებების ფონზე მისცეს დასაბამი დედაქალაქში წესრიგის დამყარებას!!!

და მაინც, ყველა პრობლემის გადაწყვეტა იწყება განწყობიდან. ჩვენ პირველ რიგში უნდა შევძლოთ, ვირწმუნოთ საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობის; გამოვიმუშაოთ რწმენა, რომ ყველაფერს შევძლებთ, დავძლევთ ყველა გამოწვევას, რომ ეს ქალაქი აუცილებლად იქნება – შესაძლებლობით, ენერგიით, თანაგრძნობით,სიკეთით, სიყვარულით და სიცოცხლით სავსე ქალაქი!”,-განაცხადა კახა კალაძემ.
ინგა ქვარცხავა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები