კახა კალაძემ და დიმიტრი ხუნდაძემ „დემოგრაფიული ფორუმის” ფარგლებში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს

0

პირველი „დემოგრაფიული ფორუმის” ფარგლებში, თბილისის საკრებულოში, სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.
ახალგაზრდებს სიტყვით თბილისის მერმა, კახა კალაძემ და პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ მიმართეს.

შეხვედრაზე ახალი ახალგაზრდული პროექტის „მე-ოჯახი-სახელმწიფოს” პრეზენტაცია დემოგრაფიული ფონდის ხელმძღვანელმა თამარ ჩიბურდანიძემ წარმოადგინა.

დიმიტრი ხუნდაძემ ახალგაზრდებს ვრცლად გააცნო ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ვითარება და ბოლო სტატისტიკური მონაცემები. დეპუტატმა განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდების პრობლემებზე, მიგრაციაზე, დასაქმებასა და ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებაზე გაამახვილა. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ნარკოტიკების მოხმარების მაჩვენებელი განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდებში და ხელისუფლებამ უპირველესად ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს. საჭიროა მოხდეს ნარკოტიკების ანტიპროპაგანდა. ასევე, მნიშვნელოვანია უცხოეთში წასული ახალგაზრდების უკან დაბრუნება, რადგან ქვეყანას მძიმე დემოგრაფიული პრობლემები აქვს.

შეხვედრაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ისაუბრა. მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით, ახალგაზრდების წახალისება მოხდეს.

„ყველას უნდა ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორად ცხოვრება. მერიას მომდევნო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება აქვს დაგეგმილი. გვინდა, რომ ქალაქის ათივე რაიონში მულტიფუნქციური კომპლექსები გავხსნათ, სადაც საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები იქნება. ასევე დაგეგმილი გვაქვს ახალგაზრდული ცენტრების გახსნა. დემოგრაფიულ პრობლემებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოციალური მდგომარეობა და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. მჯერა, საზოგადოებასთან ერთად, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობით, ამ პრობლემას აუცილებლად დავძლევთ,”- განაცხადა კახი კალაძემ.

თამარ ჩიბურდანიძემ ახალგაზრდებს ახალი პროექტი „მე-ოჯახი-სახელმწიფო” გააცნო, რომლის განხორციელებაც გაზაფხულიდან დაიწყება. მისი თქმით, პროექტმა უკვე დიდი გამოხმაურება ჰპოვა უნივერსიტეტებში, ახალგაზრდულ ორგანიზაციებში და მუნიციპალიტეტებშიც. პროექტი ერთი წლის მანძილზე გაგრძელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებას, ოჯახური ღირებულებებისადმი პატივისცემას, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სახელმწიფოსადმი მისი, როგორც მოქალაქის, ვალდებულებათა ურთიერთმიმართებას.

ახალგაზრდებთან შეხვედრაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტების სტუდენტებმა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მათ ისაუბრეს თავიანთ ორგანიზაციებში განხორციელებულ დემოგრაფიულ ინიციატივებზე და მზადყოფნა გამოთქვეს ყველა დაგეგმილ პროექტში მონაწილეობაზე.

შეხვედრას ფერეიდნელი ქართველებიც ესწრებოდნენ. ისინი მონაწილეობას იღებენ პროექტში, რომელიც პრეზიდენტის მხარდაჭერით უკვე მესამე წელია ხორციელდება საქართველოში, რაც ფერეიდნელი ქართველების ჩამოყვანას და ქართული ენის შესწავლას გულისხმობს.

პირველი დემოგრაფიული ფორუმი შემდეგ შეხვედრას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან გამართავს.

კომენტარები

კომენტარი