კახა კალაძე ოპოზიციას: საქმე ლაპარაკის ნაცვლად ქენით – ეგეც წაადგება დედაქალაქს

“თუ რამის გაკეთების სურვილი გაქვთ, არ გინდათ სიცოცხლით სავსე ქალაქად გარდაქმნაში მიიღოთ მონაწილეობა? კი ბატონო, საქმე ლაპარაკის ნაცვლად ქენით – ეგეც წაადგება დედაქალაქს“, – ასე მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე თბილისის ბიუჯეტის განხილვისას ოპოზიციას.
მისივე თქმით, თანამშრომლობა ნებისმიერ პირთან შედგება, ვისაც ქალაქის პრობლემები აწუხებს.
“თუ რამის გაკეთების სურვილი გაქვთ, არ გინდათ სიცოცხლით სავსე ქალაქად გარდაქმნაში მიიღოთ მონაწილეობა? კი ბატონო, საქმე ლაპარაკის ნაცვლად ქენით – ეგეც წაადგება დედაქალაქს.
ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს არც პარტიული კუთვნილების და არც პოლიტიკური გემოვნების მიხედვით, როგორც ეს ხდებოდა წარსულში. მართლაც გვაქვს ამბიცია, რომ თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე გამჯდარი დაშორიშორების, მიკერძოებისა და გახლეჩილობის მახინჯი პოლიტიკური ტენდენციები ძირფესვიანად აღმოიფხვრას. მე მჭირდება ნებისმიერი სახის თანამშრომლობა მუშაობისას და ზურგით არ ვუდგები აზრიან და საფუძვლიან კრიტიკას. მოგმართავთ აქ წარმოდგენილ ოპოზიციას – ნურც თქვენ დაუდგებით ზურგით რეალობას, იფიქრეთ არა პოლიტიკური ქულების დაწერაზე თქვენივე მომხრეების თვალში, არამედ თბილისის სასიკეთო საქმეებზე, სადაც პირველ რიგში ადამიანები, მოქალაქეები ცხოვრობენ. თუ მართლა გაღელვებთ თბილისის ბედი, სიცოცხლით სავსე ქალაქი კი არ უნდა გწყინდეთ და გაბრაზებდეთ, არამედ ამ ჩანაფიქრის რეალიზებასა და მასში მონაწილეობას უნდა ითხოვდეთ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მას და მის გუნდს ურთულესი ამოცანა უდგას წინ, რომელსაც ორი გზა აქვს: პირველი კვლავ გარდამავალი პერიოდის ფორმატში, ეპიზოდური, სამეურნეო პრობლემები გადაუწყვიტოს მოსახლეობას.
როგორც მან აღნიშნა, ყველა პრობლემის გადაწყვეტა განწყობიდან იწყება.
“მაგრამ ვირჩევთ მეორე გზას – ძირეული ცვლილებების ფონზე მისცეს დასაბამი დედაქალაქში წესრიგის დამყარებას. პირველ რიგში უნდა შევძლოთ, ვირწმუნოთ საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობის; გამოვიმუშაოთ რწმენა, რომ ყველაფერს შევძლებთ, დავძლევთ ყველა გამოწვევას, რომ ეს ქალაქი აუცილებლად იქნება – შესაძლებლობით, ენერგიით, თანაგრძნობით, სიკეთით, სიყვარულით და სიცოცხლით სავსე ქალაქი“, – განაცხადა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები