სემეკმა მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 2 მლნ 400 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში მოქალაქეებს კომპანიების მიერ დარიცხული 2 მლნ. 400 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა.

მიმდინარე კვირაში გამართულ საჯარო სხდომებზე კომისიამ იმსჯელა მოქალაქეთა საჩივრებზე, რომლებიც შეეხებოდა სს „თელასის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ და სს „საქორგგაზის“ მიერ მოქალაქეებზე განხორციელებულ დარიცხვებს, ხანდაზმულ დავალიანებებს და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე კომპანიების დადგენილებებს. სხდომებზე განსახილველად საკითხები კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ენერგოომბუდსმენმა წარადგინეს. ჯამში ჩამოწერილი თანხის ოდენობამ 2 485 684 ლარი შეადგინა.
კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან, მომართონ კომისიას ან კომისიასთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციის მიღება შეუძლიათ კომისიის ცხელ ხაზზე – 16 216 და facebook-ის კომისიის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები