ვოლსკი გაჩეჩილაძის განცხადებაზე: ეს არის სახელმწიფო უწყებაზე უსაფუძვლოდ წამოწყებული შეტევა

“საზოგადოება კარგად იცნობს პრემიერ–მინისტრ კვირიკაშვილს, როგორც სიტყვის კაცს, როგორც საქმეში ჩახედულ ადამიანს და ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა სტაბილურობისთვის და ბიზნესის თავისუფლებისთვის”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი გია გაჩეჩილაძის (უცნობი) განცხადებას.
როგორც მან აღნიშნა, პრემიერმა პასუხი გასცა არა მომღერლის ნათქვამს, არამედ საზოგადოებაში პოპულარული ადამიანის აზრს.
„საზოგადოება კარგად იცნობს პრემიერ–მინისტრ კვირიკაშვილს, როგორც სიტყვის კაცს, როგორც საქმეში ჩახედულ ადამიანს და ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა სტაბილურობისთვის და ბიზნესის თავისუფლებისთვის, აქედან გამომდინარე, მისი სიტყვები არ არის ჰაერიდან მოტანილი და არ არის კინკლაობის საგანი. ეს არის სახელმწიფო უწყებაზე უსაფუძვლოდ წამოწყებული შეტევა და ამას გასცა პასუხი. პასუხი გასცა არა მომღერლის ნათქვამს, არამედ საზოგადოებაში პოპულარული ადამიანის აზრს. სწორედ აქედან გამომდინარე ჩათვალა საჭიროდ პასუხის გაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საკითხი არ იქნებოდა რეზონანსული, ამ თემის შესწავლა მოხდა დეტალურად და შესაბამისი პასუხია გაცემული“, –განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში საუბარი არ არის პოლიტიკურ ინტერესზე.
„აქ არ არის საუბარი პოლიტიკურ ინტერესზე, გია გაჩეჩილაძე თვლის, რომ ტენდერის ჩატარებისას მისი კომპანიის მიმართ არ იყვნენ სამართლიანი. მოხდა საფუძვლიანი მოკვლევა და აღმოჩნდა, რომ ასე არ არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გია გაჩეჩილაძეს დღეს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა.
„გია გაჩეჩილაძეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და თუ დადასტურდება მთავრობის ბრალეულობა, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა, ხოლო თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში, გამობრძანდეს და ბოდიში მოუხადოს ყველას, მათ შორის მეც და ტარიელ ხეჩიკაშვილსაც, – ასე უპასუხა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ბრალდებებს.
გიორგი კვირიკაშვილის ამ განცხადებას გია გაჩეჩილაძემ უპასუხა.
„თუ კონკურენციის სააგენტო გამოვა და ტენდერებთან დაკავშირებით არგუმენტირებულ პასუხებს გამცემს, მზად ვარ, ბოდიშიც მოვიხადო და მუხლებზეც დავდგე“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები