„ახალგაზრდა ადვოკატები“: თემურ ბასილიას უკანონო მსჯავრდების გადახედვის საქმეზე სხდომა 4 იანვრამდე გადაიდო

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას 2008 წლის 28 ოქტომბრის განაჩენის გადახედვის საქმეზე დამასრულებელ სასამართლო სხდომას 2018 წლის 4 იანვარს გამართავს. როგორც სასამართლოდან თემურ ბასილიას კანონიერი ინტერესების დამცველებს აცნობეს, საქმეზე დამასრულებელი სხდომა, რომელიც 14 დეკემბერს უნდა შემდგარიყო, პალატის შემადგენლობაში, ერთ-ერთი მოსამართლის სხვა საქმეზე განსახორციელებელი საპროცესო მონაწილეობის გამო გადაიდო.

“2017 წლის 9 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე, სასამართლომ მთავარი პროკურატურის 4 მოწმე დაკითხა, მათ შორის სს “ინტელექტბანკის” გენერალური დირექტორი გოგი სალია და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი. მათ ჩვენებებით, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მაშინდელი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით, საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით შეიყვანეს “ინტელექტბანკის“ აქციონერები, რომლებმაც პატიმარ გოგი სალიას და ლევან კვირიკაშვილს გადასცეს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდა, თითქოსდა თემურ ბასილია ,,ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს. პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას. პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ, თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდებული.

საქმის აღნიშნული ეპიზოდი დაადასტურეს სასამართლოში დაკითხულმა სხვა მოწმეებმაც. ერთ-ერთმა მოწმემ გაიხსენა საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ეპიზოდი, როდესაც ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ზურაბ ადეიშვილმა სპეციალური თათბირი მოიწვია და გასცა დავალება, თემურ ბასილიას მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებისთვის, სამხილები მოემზადებინათ. ამასთან, მოწმეებმა ისაუბრეს თემურ ბასილიას და ს.ს. „ინტელექტბანკის“ კავშირებზე და გამორიცხეს თემურ ბასილიას მხრიდან ბანკის საქმიანობის ფარული მხარდაჭერა და მფარველობა, რომელსაც თემურ ბასილიას მაშინდელი პროკურატურა ედავებოდა. შესაბამისად, მსჯავრდებაც სწორედ ამ პოლიტიკურად მოტივირებულ პოზიციებს დაეყრდნო. მოწმეებმა, საქმესთან დაკავშირებით, აგრეთვე, უპასუხეს სასამართლოს, პროკურატურისა და დაცვის მხარის წარმოამდგენლების შეკითხვებსაც.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიების პირობებში დადგინდა, რომ 2006 წლის 25 თებერვალს, გენერალური პროკურატურის მიერ თაღლითობის და დოკუმენტის გაყალბებისთვის დაკავებული იყო სს ,,ინტელექტბანკის“ გენერალური დირექტორი გოგი სალია და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი. მაშინდელ პროკურატურას სურდა დანაშაულში გამოევლინა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია, რომელიც დაპირისპირებული იყო იმჟამინდელ ხელისუფლებასთან. ამ მიზნით, პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით, საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით შეიყვანეს ,,ინტელექტბანკის“ აქციონერები, რომლებმაც პატიმარ გოგი სალიას და ლევან კვირიკაშვილს გადასცეს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდა, თითქოსდა, თემურ ბასილია ,,ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს. პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი, მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას. პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ, თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ 14 სექტემბრის სხდომაზე გაიზიარა თემურ ბასილიას ინტერესების დამცველთა შუამდგომლობა და სისხლის სამართლის საქმეს, ინფორმაციის სახით დაურთო დამატებითი მასალები. კერძოდ, 2009 წელს პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის საჯარო გამოსვლა ქ. ფოთში და საქართველოს პარლამენტში, 2010 წელს ქართული ტელევიზიების მხრიდან მომზადებული სიუჟეტების კრებული, თემურ ბასილიას უცხოეთში თითქოსდა დაკავებისა და საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაერო-ს ცენტრალური აზიის გენერალური მენეჯერის წერილი თემურ ბასილიას უკანონო დევნის შესახებ და სხვა. თემურ ბასილიას ინტერესების დამცველთა განცხადებით, წარმოდგენილი მასალიდან ჩანს, თუ სხვდასხვა მედია საშუალებებსა და ტელეგადაცემებში, როგორი უსაფუძვლო და ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობდა თემურ ბასილიას წინააღმდეგ, მათ შორისა ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლების და მისი უშუალო მითითებების საფუძველზე. ცნობისთვის: 2011 წლის 26 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თემურ ბასილიას მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი.

თბილისის სააპელაციო სასამართლო თემურ ბასილიას საქმეს მოსამართლეების: მაია ხოლოაშვილი (თავმჯდომარე), შორენა ყაველაშვილი და მზია ლომთათიძე შემადგენლობით განიხილავს. საქმე აღნიშნულ კოლეგიას მას შემდეგ გადაეცა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლომ თემურ ბასილიას ბრალდების გადახედვის თაობაზე განჩინება მიიღო. მანამდე, 2017 წლის 27 იანვარს, მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღო დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, რომლითაც თემურ ბასილია, წინა ხელისუფლების პირობებში წარდგენილ ბრალდებაში, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი”,- აცხადებენ “ახალგაზრდა ადვოკატები”.

თემურ ბასილიას კანონიერ ინტერესებს, ადვოკატები: არჩილ კაიკაციშვილი და გია ტაბლიაშვილი წარმოადგენს, ხოლო საქართველოს პროკურატურის პოზიციას პროკურორები – გიორგი მიქავა და ანრი არსენიშვილი. საქმეზე მომდევნო სხდომა 2018 წლის 4 იანვარს, 11:00 საათზე განახლდება, სადაც სასამართლო დარჩენილ ერთი მოწმის ჩვენებას მოისმენს და პალატა, სავარაუდოდ, გადაწყვეტილების მისაღებად მოემზადება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები