რას წარმოადგენს ახალი ვირუსი – დაავადებათა კონტროლის ცენტრი განმარტებას აკეთებს

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში ორთოპოქსვირუსის ახალი გენოტიპის გამოვლენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით პასუხობს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ორთოპოქსვირუსის ახალი გენოტიპი საქართველოში პირველად 2013 წლის ზაფხულში გამოვლინდა. “ადამიანის ყვავილის ვირუსი – ამჟამად ერადიცირებულია და მისი ეტალონური ნიმუში მსოფლიოს მხოლოდ 2 ლაბორატორიაში ინახება. დღესდღეობით ადამიანთა ორთოპოქსვირუსით გამოწვეული ინფექცია ზოონოზია (ანუ ადამიანს გადაეცემა მხოლოდ ცხოველისგან და ადამიანიდან-ადამიანზე არ ვრცელდება). ადამიანთა
ინფიქცირების შემთხვევების კვლევისას მნიშვნელოვანია გეოგრაფიული გავრცელების არეალისა და ძირითადი მიმღები სახეობების ცოდნა. მაიმუნის ყვავილი უმთავრესად გვხვდება აფრიკაში, კერძოდ ზაირში, თუმცა ადამიანთა დაავადების შემთხვევები აღწერილია აშშ-შიც, რომელთა დაინფიცირების წყარო იყო აფრიკიდან იმპორტირებული ცხოველები. ძროხის ყვავილი გვხვდება მხოლოდ ევროპასა და რუსეთში და მიუხედავად მისი დასახელებისა, იშვიათია მსხვილფეხა რქოსან საქონელში. მიმღები ორგანიზმებიდან ყველაზე ხშირად ვირუსი აღმოჩენილია შინაურ კატებში, რომელთაგანაც ხდება ადამიანთა დაინფიცირებაც. ძროხის ყვავილით ინფიცირების შემთხვევები აღწერილია ევროპის ერთ-ერთი ზოოპარკის ბინადარ სპილოში, რომელმაც დააინფიცირა მომვლელი. 2013 წლის ზაფხულში საქართველოში პირველად იქნა გამოვლენილი ორთოპოქსვირუსის ახალი გენოტიპი, რომელიც მანამდე არ იყო აღწერილი. შესაბამისად, მსოფლიო ფილოგენეტიკურ ხეზე ჩამოყალიბდა ორთოპოქსვირუსების ჯგუფის ცალკე განშტოებად. ვირუსი გამოყოფილი იქნა ადამიანებიდან, თუმცა დაავადებული იყო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიც. დაავადება მიმდინარეობდა მსუბუქად და დასრულდა სრული გამოჯანმრთელებით”, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. მათივე განმარტებით, სამეცნიერო კვლევები ახლად გამოვლენილი ვირუსის გავრცელების არეალის, ძირითადი მიმღები ორგანიზმებისა და ადამიანთა დაინფიცირების შესაძლო რისკის ფაქტორების შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და აშშ-ს მეცნიერების მიერ გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები