სუს-მა სამხედრო განყოფილების თანამშრომელი დააკავა – მან მოქალაქეს, სამხედრო სამსახურის გადავადებაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამი მოსთხოვა (ვიდეო)

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, კრწანისის რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი მერაბ გ. დააკავეს.
სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, 25 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს, სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გადავადებაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა.
„2017 წლის 8 დეკემბერს დაკავებულმა, აღნიშნულ მოქალაქეს, მის მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი 650 ლარი გამოართვა და განუმარტა, რომ ის სამხედრო-სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლებული იყო.
2017 წლის 11 დეკემბერს, აღნიშნულმა პირმა მოქალაქეს ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის დარჩენილი ნაწილი- 350 ლარი გამოართვა, რა დროსაც იგი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, – აცხადებენ სუს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები