ირაკლი კობახიძე:მედიას პარლამენტის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია

????????????????????????????????????

მედიას პარლამენტის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ობსერვერ მედია ჯგუფის ჟურნალ „პარლამენტის” პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტისა და მისი საქმიანობის შესახებ ჟურნალის გამოცემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჟურნალის გამოცემა ისეთ თემაზე, როგორიც არის პარლამენტი, საკანონმდებლო საქმიანობა. ჩვენ ნამდვილად გვაკლია, ქართულ მედიას სიღრმისეული ანალიზი პოლიტიკის სფეროში საპარლამენტო საქმიანობის მიმართულებით, გვაკლია პუბლიცისტური ნაშრომები ამ კუთხით და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ამ ჟურნალს, ამ ინიციატივას სიღრმისეული ანალიზისა და დისკუსიის გაშლის საქმეში.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ გამოიცემა ასეთი მაღალი დონის და მაღალი ხარისხის ჟურნალი პარლამენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით, რომელიც გააშუქებს, მათ შორის საქართველოს პარლამენტის საქმიანობას. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე საერთაშორისო ჭრილი ამ ჟურნალის.

მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო კონტექსტში განიხილება, ზოგადად, საპარლამენტო საქმიანობა, საპარლამენტო მუშაობა და აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ, მინდა წარმატებები გისურვოთ ჟურნალის გამომცემლებს და რედაქტორებს, თითოეულ ჟურნალისტს”,- მიმართა დამსწრეებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს პარლამენტს, რომლის შემადგენლობაც არჩევნების შემდეგ განახლდა, საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. ერთ-ერთ ამოცანად პარლამენტის თავმჯდომარემ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდა დაასახელა. მისი თქმით, ინსტიტუციურ განვითარებასა და პარლამენტის აპარატის გაძლიერებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

„ჩვენი ამოცანაა, თვისობრივად ავამაღლოთ პარლამენტის შესაძლებლობები და გავზარდოთ ჩვენი ინსტიტუციური შესაძლებლობები. ტრადიციულად, პარლამენტი იყო, მე ვიტყოდი, უფრო სუსტი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კანონშემოქმედებითი კუთხით, მათ შორის ზედამხედველობის კუთხით. ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ ჩვენ გავაძლიეროთ პარლამენტი, გავაძლიეროთ პარლამენტი, როგორც ინსტიტუტი.

ამას ესაჭიროება, რა თქმა უნდა, კანონმდებლობაში ცვლილებები და ამას ესაჭიროება ასევე, კონკრეტული, პრაქტიკული ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის როლის ამაღლებას კონსტიტუციურ სისტემაში და გააძლიერებს პარლამენტს ინსტიტუციური თვალსაზრისით.

ჩვენ ვაყალიბებთ საპარლამენტო მმართველობის სისტემას, სადაც პარლამენტის როლი, პარლამენტის ფუნქციები კიდევ უფრო მეტად მკაფიოდ იკვეთება, და ამ ვითარებაში, ბუნებრივია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პარლამენტის შესაძლებლობების და რესურსების განვითარებას. პარლამენტი, როგორც ინსტიტუცია საჭიროებს განვითარებას, პარლამენტის აპარატი საჭიროებს გაძლიერებას და ამ ყველაფერს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების განვითარებაა, რისთვისაც, აქტიური მუშაობაა დაგეგმილი. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებასა და კონსტიტუციური სისტემის ფუნქციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიის როლი.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარლამენტის კანონშემოქმედებითი ფუნქციების კიდევ უფრო განვითარება და ამ კუთხით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ჩვენი საზედამხედველო ფუნქციების განვითარება, სადაც განსაკუთრებული სისუსტეები იკვეთებოდა წლების განმავლობაში საქართველოში, ჯერ კიდევ სუსტია ამ კუთხით საკმაოდ საქართველოს პარლამენტი, თუმცა, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ გავაძლიეროთ მუდმივად პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ კონსტიტუციური სისტემის ფუნქციონირებაში.

ასევე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მედიის როლი არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი. მედიას ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია პარლამენტის განვითარების კუთხით და აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მოხარული ვარ ჩვენი თანამშრომლობის”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ჟურნალის გამომცემლებსა და ჟურნალისტებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.

ჟურნალის პრეზენტაციას დაესწრნენ და დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარეებმა – დავით ბაქრაძემ და ნინო ბურჯანაძემ, შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ლუკას ბეგლინგერმა, ასევე ობსერვერ მედია ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა – ნინო შარაშიძემ და აღმასრულებელმა დირექტორმა – ნათია გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები