ალექსი პეტრიაშვილის ცრუ ინფორმაციას პარლამენტი პასუხობს

ალექსი პეტრიაშვილი, რომელმაც ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი რამდენიმე თვის წინ დატოვა, დღეს აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტში მუშაობს. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია „კვირამ“ საქართველოს პარლამენტის კადრების განყოფილებაში გადაამოწმა.
შედეგად გაირკვა, რომ ალექსი პეტრიაშვილმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.
„ყოფილი მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი საქართველოს პარლამენტში არ მუშაობს“ – ასე უპასუხა „კვირას“ შესაბამისი კითხვის პასუხად საქართველოს პარლამენტის კადრების განყოფილების უფროსმა ნიკა ქართველიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის კადრების განყოფილებაში ალექსი პეტრიაშვილი არ ფიქსირდება.
ცნობისათვის, ალექსი პეტრიაშვილმა დღეს მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაში „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“, რომელზეც საკუთარი თავის წარდგენისას განაცხადა, რომ ამჟამად, საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის საკითხებში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ეროვნული კონსულტანტია.
ალექსი პეტრიაშვილის წარდგინების შემდეგ, აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირინა ფრუიძემ.
მისივე თქმით, ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, როგორც კონსულტანტი, გაეროს განვითარების ფონდის მიერ კონკრეტული პროექტის ფარგლებშია დაქირავებული.
“გავრცელებული ინფორმაცია, რომ ალექსი პეტრიაშვილი დიპლომატიის საკითხებში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის კონსულტანტის თანამდებობას იკავებს, არ შეესაბამება სიმართლეს. ალექსი პეტრიაშვილი, როგორც ერთ-ერთი კონსულტანტი, ამჟამად არის გაეროს განვითარების ფონდის მიერ კონკრეტული პროექტის ფარგლებში დაქირავებული პირი. პროექტი საგარეო საქმეთა კომიტეტისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავებას ახორციელებს,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირინე ფრუიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები