ირაკლი კობახიძე: ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სიღრმისეული განხილვის საფუძველზე უნდა მივიღოთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებაში” აზრთა სხვადასხვაობაა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს დამატებითი არგუმენტების მოსმენა სჭირდება.

„მე შემიძლია დავადასტურო, რომ აზრთა სხვადასხვაობა არის „ქართულ ოცნებაში”, არის განსხვავებული მოსაზრებები, ჩვენ გვჭირდება დამატებითი არგუმენტები როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. ჩვენ გვჭირდება არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, რაღაცის ლიბერალიზაცია არ გამოიწვევს მოხმარების გაზრდას, პირიქით, საპირისპირო არგუმენტები გვჭირდება. ასეთი სიღრმისეული განხილვის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება.  აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ორივე მხარეს არის არგუმენტები. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ყველას და ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. მეც მჭირდება არგუმენტები, ჯერ-ჯერობით არ მომისმენია სიღრმისეული არგუმენტები არც ერთი და არც მეორე მხრიდან”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პროცესში ჩართულ ყველა სუბიექტს, სიღრმისეული ანალიზის წარდგენისკენ მოუწოდებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნული პარლამენტს გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს.

“მოვუწოდებ ყველა სუბიექტს, რომელიც არის ჩართული ამ პროცესში, მათ შორის, შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ შესაბამისი ანალიზი წარმოადგინონ, წარმოადგინონ სიღრმისეული ანალიზი და ამის საფუძველზე გაუადვილონ საპარლამენტო სპექტრს გადაწყვეტილების მიღება ნარკოტიკებთან დაკავშირებით. პლატფორმა იქნება საპარლამენტო, პროცესი შესაბამისი პროცედურებით წარიმართება. იქნება საკომიტეტო განხილვები, იქნება პლენარულ სხდომებზე განხილვები, ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ განხილვებში და წარმოადგინონ საკუთარი არგუმენტები”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები