კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა კანდიდატურა მოხსნა (ვიდეო)

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა კანდიდატურა მოხსნა. შესაბამისი განცხადება ხეცურიანმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
გადაწყვეტილების მიზეზად, ხეცურიანი არასამართლიან წინასაარჩევნო გარემოს ასახელებს.
„მადლობა ყველა ჩემს თანამოაზრეს, მეგობარს, ადამიანებს, რომლებიც ჩემს გვერდით იდგნენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც ერთად დავიწყეთ ბრძოლა, იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც კალათბურთის სამყაროში, კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მხრიდან არის დღეს. არაერთხელ განვაცხადეთ ამ უსამართლობის შესახებ, როგორც ფედერაციის ხელმძღვანელობის მოქმედებაზე, ასევე, გამგეობის გადაწყვეტილებაზე. ეს უსამართლობა დღემდე გრძელდება. დღესაც არ ვიცით ზუსტად დელეგატების სია, ვინ იქნება არჩევნების დროს. ჩვენ ნამდვილად მთელი გულით და მთელი მონდომებით ვცდილობდით პროგრესისკენ წავსულიყავით. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ვიღაცეების პირადი ინტერესების დამარცხება. შესაბამისად, ჩემს გუნდთან ერთად, მივიღე გადაწყვეტილება, არ მივიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა და ჩემი კანდიდატურა მოხსნილი იქნება ამ არჩევნებიდან. წარმატება ქართულ კალათბურთს“, – განაცხადა შიო ხეცურიანმა.
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები დღეს იმართება. პრეზიდენტის პოსტისთვის სულ ორი კანდიდატი იბრძოდა. მას შემდეგ, რაც შიო ხეცურიანმა კანდიდატურა მოხსნა, ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ერთი კანდიდატი პაატა გურასპაული იბრძოლებს.
არჩევნებზე სულ 34 დელეგატია წარმოდგენილი. რეგისტარცია 13:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც დაიწყება კენჭისყრის პროცესი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები