ქართველი ემიგრანტების საჭიროებების შესახებ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

  დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი: ,,ქართველი ემიგრანტების როლის გაძლიერება სამშობლოში“ (ERGEM).
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, პროექტის განმახორციელებელია მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) და ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC) საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან პარტნიორობით.
„პროექტის ფარგლებში მოხდა სამი ადგილსამყოფელი ქვეყნის: თურქეთის, საბერძნეთის, გერმანიის შერჩევა და ამ ქვეყნებში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეთა საჭიროებებისა და ინტერესების გაცნობა.
შევსებული კითხვარებისა თუ გასაუბრების ანალიზის საფუძველზე, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა (ICMPD) დაასრულა კვლევა: ,,ქართული დიასპორა და ემიგრანტთა ერთობები გერმანიაში, საბერძნეთსა და თურქეთში. ტრანსნაციონალური რეალობა და კავშირები საქართველოსთან“, – აღნიშნულია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პარატის განცხადებაში.
კვლევის პრეზენტაციას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები