თურქეთში ქართველი მსახიობი და რეჟისორი – დიმიტრი ჯაიანი გარდაიცვალა

თურქეთში ქართველი მსახიობი და რეჟისორი, 67 წლის დიმიტრი ჯაიანი გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა განუცხადა, დიმიტრი ჯაიანი ბოლო დროს ავადმყოფობდა და თურქეთში სამკურნალოდ იყო წასული.
მისივე თქმით, მსახიობი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ღვიძლის გადანერგვას აპირებდა, თუმცა შეუძლოდ გახდა და მას ოპერაცია  ვეღარ ჩაუტარდა.

ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, დიმიტრი ჯაიანი გულის შეტევით გარდაიცვალა.

დიმიტრი ჯაიანი სენაკში, 1950 წლის 20 აგვისტოს დაიბადა. 1973 წელს მან საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა, დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით.

1973 წლიდან სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. სპექტაკლებში განსახიერებული აქვს როლები: მეფე გიორგი(“დიდოსტატის მარჯვენა”), მეფე ჰოკონ ჰოკონსენი(იბსენი, “ბრძოლა ტახტისათვის”), ელიზბარ ერისთვი(გ. ბათიაშვილის, “1832”) და სხვ. გადაღებულია ფილმებში: “პირველი მერცხალი” (1975), “ოგარიოვის 6” (1980), “ვინ არის მეოთხე?” (1985), “სტალინის დაკრძალვა” (1989).

2013 წლიდან დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა კულტურის მინისტრად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები