ოთარ დანელია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი, ოთარ დანელია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ჰენესის პროვინციის, ქალაქ ჭენჭოუს ვიცე-მერს ლი სი ანს, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარეს ჭოუ ია მინს და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

ჩინეთის დელეგაციასთან შეხვედრაზე ოთარ დანელიამ საქართველო – ჩინეთს შორის მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობა დადებითად შეაფასა.

შეხვედრაში აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა კვიტაშვილი და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია მონაწილეობდნენ.

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით სხვადასხვა პროექტების განხორციელება აბაშასა და მარტვილში.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მუდმივ მზადყოფნაშია. ჩვენ ერთობლივად რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის სამელიორაციო ტექნიკის გადმოცემის, სასათბურე მეურნეობის და სასწავლო-სამეცნიერო კუთხით”,-განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მათთვის საინტერესოა მუნიციპალიტეტბთან აგრარული მიმართულებით თანამშრომლობა, რადგან ეს დარგი, განსაკუთრებით კი სასათბურე მეურნეობები და ჩაის კულტურა, ჭენჭოუს პროვინციაში მნიშვნელოვნად არის განვითარებული.

ოთარ დანელიამ იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. „აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტები ჰენესის პროვინციასთან დამეგობრდებიან და შედგება  ორმხრივი შეხვედრები. 2018 წლისთვის დაიგეგმა ერთობლივი ბიზნეს-ფორუმის ჩატარებაც, რომელიც ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას”, – განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ოთარ დანელიამ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასა და „თბილისის აბრეშუმის გზის” ფორუმის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ფორუმში მონაწილეობა  მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატმა მიიღო, მათ შორის, 1100 კერძო სექტორს წარმოადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები