ირმა ჭკადუა: ყანდაშვილს შეუძლია, ანათემას გადამცეს

ადვოკატ ირმა ჭკადუას კომენტარს, თითქოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი ხელმძღვანელი ორგანიზაციაში მემკვიდრეს ტოვებს, ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი პროფესიის შეურაცხყოფად მიიჩნევს.
“ზაზა ხატიაშვილი არის მოქმედი ადვოკატი და არ არის სწორი, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ ზაზა ხატიაშვილი ვინმეს მემკვიდრედ ტოვებს. ასეთი ფრაზეოლოგია პირდაპირ პროფესიის შეურაცხყოფაა. ადვოკატები თავად აკეთებენ არჩევანს. ასე რომ, ზაზა ხატიაშვილს უფლება აქვს, ჰქონდეს თავისი არჩევანი და მას ამის უფლება, რა თქმა უნდა, გააჩნია. ზაზას აქვს რვაწლიანი უდიდესი გამოცდილება. ის დააკვირდა ყველას და შეისწავლა და თუ ვინმე კონკრეტულ კანდიდატზე შეაჩერა არჩევანი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის სწორი არჩევანი. მან კარგად იცის, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარე. ვის აქვს თავმჯდომარეობისთვის საჭირო მონაცემები. და ირმა ჭკადუას განცხადება, რომ ასოციაციაში მემკვიდრე რჩება, არის პროფესიის შეურაცხყოფა და როდესაც პროფესიას პატივს არ სცემ, ამით ყველაფერი ნათელია”, – განაცხადა ყანდაშვილმა.
ირმა ჭკადუამ კი აღნიშნა, რომ “ბატონ ყანდაშვილს” შეუძლია, ანათემას გადასცეს და მასზე ილაპარაკოს, პროფესიის შეურაცხყოფაზე ლაპარაკი კი მისი მხრიდან მიუღებელია.
“ყანდაშვილიც ასათიანის გუნდის წევრია. ისინი წლების განმავლობაში არიან მმართველობაში. პრაქტიკულად სასწავლო ცენტრი სრულად არის ოკუპირებული ბატონი ყანდაშვილის მხრიდან. ადვოკატებმა, რა თქმა უნდა, უნდა გააკეთონ არჩევანი და ბატონ ზაზა ხატიაშვილს არავინ არ უკრძალავს, რომ უგულშემატკივროს თავის რჩეულს, მაგრამ ყველა კარგად ვხედავთ, ადვოკატები ბრმები არ ვართ და ვხედავთ, რომ მოქმედი თავმჯდომარე დაკავებულია დავით ასათიანის პიარით და გამორჩეული ჰყავს რამდენიმე ადვოკატი. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩემი კომენტარი. ყანდაშვილს შეუძლია ანათემას გადამცეს და ჩემზე ილაპარაკოს, პროფესიის შეურაცხყოფაზე ლაპარაკი მისი მხრიდან მიუღებელია. გადავხედოთ ადვოკატთა მოღვაწეობის ისტორიას. როგორ მოცემულობაში გვიწევდა მუშაობა სად ვიბრძოდით ჩვენ და სად იყო მაშინ ბატონი ყანდაშვილი. ბატონი ყანდაშვილის პრეტენზია ან განცხადება ვინმეს თუ გაახსენდება, რომელიც უკავშირდება წინა რეჟიმის მიერ დაჩაგრული ადვოკატების მხარდაჭერას, მე ბოდიშს მოვიხდი. სად იყო ბატონი ყანდაშვილი მაშინ როცა ჩვენ ცხრა წლის მანძილზე რეჟიმს ვებრძოდით, სად იყო მაშინ როდესაც 200 ადვოკატი იყო დაკავებული. ეს არ ეხება ბატონ ხატიაშვილს, ვინაიდან ის იყო ძალიან კარგი თავმჯდომარე და ყოველთვის იდგა ადვოკატების გვერდით”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პროცესში დარღვევებზე საუბრობენ.
ერთ-ერთი კანდიდატის დავით ებრალიძის განცხადებით, ზოგიერთი კანდიდატის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ამომრჩეველთა მოსყიდვა ხდება.
ანალოგიური ბრალდებები აქვს ადვოკატ ირმა ჭკადუას, რომელიც, ასევე, თავმჯდომარეობისთვის იბრძვის.
ჭკადუა ამბობს, რომ მოქმედი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი დავით ასათიანს მემკვიდრედ ტოვებს და მის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად არის ჩართული.
“მე ვარ ერთადერთი, ვისაც პრემია და დანამატები არ აუღია. გავყიდე მანქანაც კი და დავდივარ მეტროთი. ხელფასი 30%-ით შევიმცირე. ჩემზე ფინანსური რესურსის უკანონოდ გამოყენების ბრალდება არის ან პირდაპირი მითითება ვინმეს მხრიდან წინასაარჩევნოდ, ან უნამუსო ცილისწამება”, – განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის მოქმედმა თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა.
დავით ასათიანის თქმით, ყველაფერი წესრიგშია და საარჩევნო პროცესში დარღვევებს ადგილი არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები