ადამიანის უფლებათა კვირეული ცნობიერების ამაღლების კამპანიით გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ორგანიზებული ადამიანის უფლებათა კვირეული, დღეს, ცნობიერების ამაღლების კამპანიით გაიხსნა.

„საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები” – ასეთია ბუკლეტების სახელწოდება, რომლებიც დეპუტატებმა, კომიტეტის აპარატის თანამშრომლებთან, სტაჟიორებთან,  საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მოქალაქეებს დაურიგეს.

დღევანდელი აქციის მიზანია უფლებების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებისთვის საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის გაცნობა.

„კვირეულის ფარგლებში გვინდა, შევხვდეთ მოწყვლად ჯგუფებს და, ზოგადად, იმ ჯგუფებს, რომლებიც დაკავშირებული არიან ჩვენი კომიტეტის საქმიანობასთან. ეს არის მათ მიმართ ჩვენი პატივისცემის დადასტურება. ამასთანავე, დღევანდელი აქციით ადამიანის უფლებათა საკითხის პოპულარიზაციას  ვახდენთ, რომ მოქალაქეებმა უკეთ იცოდნენ საკუთარი უფლებების შესახებ. კომიტეტის წევრები და კომიტეტის აპარატის თანამშრომლები დღეს ვხვდებით მოქალაქეებს და ახალი კონსტიტუციიდან ამონარიდებს ვაცნობთ, რაც კარგი იქნება როგორც ადამიანის უფლებების განვითარებისთვის, ასევე,  ახალ კონსტიტუციასთან მიმართებით ცნობიერების ასამაღლებლად”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

ბუკლეტების მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები