მირზა სუბელიანი: ჩემმა შვილმა გამომძიებლებს მისცა ამომწურავი ჩვენება და თანამშრომლობს გამოძიებასთან

“ჩემს შვილთან ერთად, რომელიც ნამდვილად იყო შემსწრე მომხდარი უბედურების, პირველ დეკემბერსვე გამოვცხადდი პოლიციის სამმართველოში”, – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მირზა სუბელიანი აცხადებს.
სუბელიანის თქმით, მისმა შვილმა გამომძიებლებს მისცა ამომწურავი ჩვენება და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამასთან, როგორც სუბელიანი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილი ვერაზე მომხდარ შემთხვევაში მხოლოდ მოწმეა, ის საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართავს განცხადებით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
„პირველ რიგში, მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა დატრიალებული ტრაგედიის, ორი მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარი ვუთხრა მათ მშობლებსა და მეგობრებს. გამაოგნებელი და უაღრესად შემაშფოთებელია ახალგაზრდებს შორის მსგავსი დაპირისპირება და ის ტრაგიკული შედეგი, რამაც მთელი საზოგადოება და მათ შორის მეც, შოკში ჩაგვაგდო. ჩემდა სამწუხაროდ, ამ უმძიმეს შემთხვევას ადამიანების გარკვეულმა ჯგუფებმა ჩემი სახელი და გვარი დაუკავშირა, შეგნებულად დაამახინჯეს ფაქტები და საზოგადოებას მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია. მინდა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვმარტო, რომ ჩემს შვილთან ერთად, რომელიც ნამდვილად იყო შემსწრე მომხდარი უბედურების, პირველ დეკემბერსვე გამოვცხადდი პოლიციის სამმართველოში, ჩემმა შვილმა გამომძიებლებს მისცა ამომწურავი ჩვენება და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
იმის მიუხედავად, რომ ჩემი შვილი ამ საქმეში მოწმეა, რადგან არ მინდა ჩრდილი მიადგეს გამოძიების ობიექტურობას, რაც უპირველეს ყოვლისა, ჩემი ოჯახის ინტერესებშია, მე მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს განცხადებით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მაინც დაასრულებენ სპეკულაციებს და საგამოძიებო ორგანოს ნორმალურ გარემოში ექნება შესაძლებლობა, დაადგინოს ჭეშმარიტება. დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე ძალიან მალე დადგინდება და გამოძიება ყველა კითხვას გასცემს ამომწურავ პასუხს“, -აცხადებს სუბელიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები