როგორ დაიწყო ვერაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ვერაზე 1 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში, ქ.თბილისის N51-ე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებს – თ.ჩ.-ს და ა.ს.-ს, გაკვეთილებს შორის არსებულ შესვენებაზე, საპირფარეშოში ექვსი უფროსკლასელი დახვდათ, რომელთაგან ერთ-ერთმა მათ პნევმატური იარაღი მიუშვირა, რასაც ამ უკანასკნელთა უკმაყოფილება მოჰყვა, რაც გადაიზარდა სიტყვიერ დაპირისპირებაში. ერთ-ერთმა უფროსკლასელმა მათ უთხრა, რომ გაკვეთილების შემდეგ ორივეს სკოლის გარეთ შეხვდებოდნენ.
მომხდარიდან მალევე ა.ს.-მ, ვინაიდან მასთან კონფლიქტში მყოფები იყვნენ მასზე ასაკით უფროსები, დახმარებისთვის არასრულწლოვან ნათესავს – მ.კ.-ს დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო. პროკურატურის ცნობითვე, იმავე დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე, მ.კ. მეგობრებთან ერთად, N51-ე საჯარო სკოლასთან მივიდა, სადაც მათ ა.ს. და თ.ჩ. შეუერთდნენ. სკოლასთან ასევე შეკრებილი იყვნენ თ.ჩ.-სთან და ა.ს.-სთან დაპირისპირებული მეთერთმეტე კლასელები და მათი თხუთმეტამდე მხარდამჭერი.
ვითარების გასარკვევად, ახალგაზრდებმა ა.ხორავას ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთი კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს. მოზარდებს შორის საუბარი სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ჩხუბის დროს, ერთ-ერთმა მონაწილემ, გ.ჯ.-მ, რომელსაც გაცნობიერებული ჰქონდა, რომ კონფლიქტის მონაწილეები არასრულწლოვნები იყვნენ, დანით განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწლოვან დ.ს.-ს მრავალრიცხოვანი ნაკვეთი ჭრილობა მიაყენა, ხოლო გ.ბ.-მ ასევე დანით განზრახ მოკვლის მიზნით, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან ლ.დ.-ს ორი ნაკვეთი ჭრილობა ფეხისა და გულმკერდის არეში მიაყენა, შემდეგ კი ორივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. მეორე დღეს, საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, გარდაიცვალა.
თბილისის პროკურატურამ ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი – გ.ბ და გ.ჯ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. გ.ბ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, ხოლო გ.ჯ იმავე მუხლით ბრალდებულად დაუსწრებლად იქნა ცნობილი, ვინაიდან იგი ემალება გამოძიებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები