პროკურატურა ვერაზე მომხდარ დანაშაულზე: საქმეზე ბრალდებულების არცერთი ოჯახის წევრი ანდა ახლო ნათესავი პროკურატურის მუშაკი არ არის

საქართველოს მთავარი პროკურატურა უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მოზარდების მკვლელობაში ბრალდებული ერთი-ერთი პირის ოჯახის წევრი პროკურატურის თანამშრომელია.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, აღნიშნული სიცრუის გავრცელებით, გარკვეული ჯგუფი დაინტერესებულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და განზრახ ცდილობს პროკურატურის და მიმდინარე საგამოძიებო პროცესის დისკრედიტაციას.
„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალური ქსელის საშუალებით ზოგიერთი პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოსდა, შესაძლო მკვლელობის ჩამდენი ერთ-ერთი არასრულწლოვანის მშობელი პროკურატურის თანამშრომელია და ამით ხელი ეშლება გამოძიებას.
უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების – გ.ჯ-ს და გ.ბ-ს არცერთი ოჯახის წევრი ანდა ახლო ნათესავი არ არის პროკურატურის მუშაკი. აღნიშნული სიცრუის გავრცელებით, გარკვეული ჯგუფი დაინტერესებულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და განზრახ ცდილობს პროკურატურის და მიმდინარე საგამოძიებო პროცესის დისკრედიტაციას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ა.ს.-ს მშობელი მართლაც არის პროკურატურის მუშაკი, თუმცა იგი 2014 წლიდან მუშაობს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში და მას დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, არც აღნიშნულ გამოძიებასთან და არც სხვა რომელიმე გამოძიებასთან არანაირი შემხებლობა არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს.
ასევე, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩამდენი პირის ნათესაური კავშირი პროკურატურის მუშაკთან ვერცერთ საქმეზედა ვერც მიმდინარე გამოძიებაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს და მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს. ასევე, სისხლის სამართლის კანონმდებლობისა და პროკურატურის შიდა ნორმატიული აქტების შესაბამისად, ნებისმიერი პროკურორი, რომლის მიმართაც შესაძლებელია არსებობდეს თუნდაც კითხვები გარკვეული პირადი მოტივების გათვალისწინებით შესაძლო მიკერძოებულობაზე, დაუყონებლივ იქნება აცილებული სისხლის სამართლის საქმიდან“,- აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები