თიბისი გალერეაში პეტრე ოცხელის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს ფარგლებში, თიბისი ბანკის მხარდაჭერით, მხატვრის 30 ნამუშევრის რესტავრაცია განხორციელდა. რესტავრირებულ ნამუშევრებთან ერთად, თიბისი გალერეა საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცულ პეტრე ოცხელის სხვა ნამუშევრებსაც მასპინძლობს. მათ შორის, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ოცხელის ერთ-ერთი შედევრი „ფრთოსანი მღებავი”. აღსანიშნავია, რომ ეს ნამუშევარი ხელოვნების სასახლის მუდმივმოქმედ ექსპოზიციას ეკუთვნის და მან მხოლოდ ორჯერ დატოვა მუზეუმის საგამოფენო სივრცე, ერთხელ პარიზში და მეორედ ლონდონში გამართულ გამოფენებზე.

აღდგენილი ნამუშევრების უმეტესობა, რომლებიც პეტრე ოცხელის სასცენო კოსტიუმების ესკიზებს წარმოადგენს, ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად არის წარმოდეგნილი. ექსპოზიციაზე მისულ მოსწავლეებს საინტერესო სიახლე ელოდებათ, ისინი სპეციალურად მათთვის გამართულ ვირტუალური რეალობის სივრცეში შეძლებენ ოცხელის ნამუშევრების ინსპირაციით 3D ფორმატში დახატონ. დაინტერესებული სკოლები, რომლებსაც სურთ, რომ მოსწავლეები გამოფენაზე მიიყვანონ, უნდა დაუკავშირდნენ თიბისი ბანკს.

გარდა ამისა, თიბისი ბანკის ინიციატივით, პეტრე ოცხელის შემოქმედების პოპულარიცაზიისთვის პროექტ 12-ის ფარგლებში რამდენიმე საინტერესო ინტერპრეტაცია მომზადდა.  ურბანული არტი, დიჯითალ-არტი, ანიმაცია, ნეონი, კომიქსები, 3D არტი, ხელნაკეთი სამკაულები და მუსიკა – ამ მიმართულებებში თანამედროვე არტისტებმა  საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, რომელთა პრეზენტაცია ფართო საზოგადოების წინაშე 6 დეკემბერს გაიმართება.

პეტრე ოცხელის ხელოვნება ქართული მოდერნიზმის თვალსაჩინო ნიმუშია. ოცხელი იზიარებს მის თანადროულ იდეებს კონსტრუქტივიზმის ზოგადი ფორმაციის შესახებ. ამასთან, მისი მხატვრული ფორმა სრულიად სხვა მიმართულებასაც ავითარებს. კონსტრუქტივიზმის პოლიტიკურ გამოწვევებთან ერთად, ოცხელი ფორმას მითოსურ და კოსმოლოგიურ ნარატივებზე აგებს. სწორედ ამიტომ, მისი პერსონაჟები ყოველთვის სიმბოლური სიმტკიცით და ძლიერი მგრძნობელობით გამოირჩევიან. ის ცხოვრობდა და მოღვაწეობა საბჭოთა პერიოდში, მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში, თუმცა მის მიერ შექმნილი ნამუშევრები, სასცენო კოსტიუმები თუ დეკორაციები, დღესაც აქტუალური და თანამედროვეა.

პეტრე ოცხელის შემოქმედებას სხვადასხვა დროს არაერთი გამოფენა მიეძღვნა. ბოლო ათწლეულში დაიბეჭდა მისი ნამუშევრების კატალოგები, გამოქვეყნდა საინტერესო პუბლიკაციები და სამეცნიერო ნაშრომები. 2016 წელს ტექნოლოგიური გიგანტის Google-ის არტისა და კულტურის ინსტიტუტის ვებგვერდზე ხელოვნების სასახლის ექსპოზიციები განთავსდა.  პეტრე ოცხელი  პირველი ქართველი ხელოვანია, რომელსაც მსოფლიოში უდიდესი კულტურის ინსტიტუტის ვირტუალური საგამოფენო სივრცე დაეთმო.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები