დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრთან აჰმეთ არსლანთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე თურქეთის მინისტრმა დიდი შეფასება მისცა თბილისის აბრეშუმის გზის ჩატარებას და საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს მისი წარმატებული ორგანიზება მიულოცა.
შეხვედრაზე მხარეებმა ტრანსპორტის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე გამახვილდა, რომელიც 2018 წლიდან უნდა ამოქმედდეს. მხარეებმა აღნიშნული პროექტის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
გარდა ამისა, საუბარი წარიმართა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტის სფეროებში.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე იმ სატრანსპორტო მარშრუტებზე ისაუბრეს, რომლებიც საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიებზე გადის და ყურადღება მათ განვითარებაზე გაამახვილეს.