სასტუმრო „ბილტმორში” პანელი რეგიონთაშორისი შესაძლებლობები ენერგეტიკის მიმართულებით გაიმართება
28-29 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმი” ტარდება. 2017 წლის ფორუმი 2015 წლის თბილისის აბრეშუმის ფორუმის გაგრძელებაა და მაღალი დონის სამთავრობო და ბიზნესის ბიზნესთან დიალოგის და, ასევე, სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ბიზნესებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების პლატფორმას წარმოადგენს. 2017 წლის აბრეშუმის გზის ფორუმზე დასასწრებად თბილისში ჩამოდის 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი.
თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში 28 ნოემბერს 15:30 საათზე სასტუმრო „ბილტმორში” გაიმართება პანელი რეგიონთაშორისი შესაძლებლობები ენერგეტიკის მიმართულებით (ნავთობი, გაზი და ელექტრობა), რომელსაც მოდერატორობას გაუწევს ცნობილი ჟურნალისტი, E. Treanor Media-ს აღმასრულებელი დირექტორი ეითნი თრინორი. პანელში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი, EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის აღმასრულებელი დირექტორი ფრანსის მალიჟი, BP-ს რეგიონალური დირექტორი გარი ჯონსი და Clean Energy Invest-ის გენერალური დირექტორი ბიორნ ბრანზეგი.
პანელზე გაიმართება დისკუსია, სადაც განიხილება შემდეგი საკითხები: ევროპასა და აზიას შორის მრავალმხრივი ენერგოპროექტების მეშვეობით მდგრადი რეგიონალური განვითარების მიღწევა;
სტრატეგიული რეგიონალური პროექტების განხორციელების გამოწვევები; კავკასიის რეგიონში ახალი ენერგოპროექტების განხორციელების შესაძლებლობები; ენერგეტიკის სფეროს ახალი ტენდენციები: მზარდი მოთხოვნა ენერგოდერეფნებზე ენერგორესურსებით მომარაგებისთვის (ნავთობსადენები და გაზსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები), განახლებადი ენერგიის მზარდი როლი და ქვეყნებს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობა; აბრეშუმის გზის ქვეყნების ენერგეტიკის სფეროში მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები; ენერგო-ინტენსიური სექტორების ინვესტირება.
პანელის ფარგლებში მოხდება ენერგეტიკის სფეროში საერთო რეგიონალური მიზნების განსაზღვრა, გაიზრდება ინფორმირებულობა რეგიონის ენერგეტიკის სფეროში გეგმების, სტრატეგიებისა და პროექტების შესახებ. ასევე განიხილება ენერგეტიკის სფეროში კერძო ინვესტიციების მიზიდვის შესაძლებლობები და სირთულეები.
რეგიონში ენერგეტიკის ბაზარზე ინტეგრირების აუცილებელი პირობაა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. აშშ-ს ენერგეტიკის საინფორმაციო ადმინისტრაციის მიხედვით, 2040 წლისთვის ენერგიის მოხმარება 48 პროცენტით გაიზრდება, რაც ეკონომიკური ზრდით იქნება განპირობებული. განახლებადი რესურსები ენერგიის სწრაფად მზარდი წყაროა 2,8% საშუალო წლიური ზრდით 2015-2040 წლებში. ენერგოსისტემები აღარ არის იზოლირებული, არაკონკურენტული ერთეულები და სულ უფრო მეტად არიან ინტეგრირებულები ეროვნულ და საერთაშორისო ბაზრებზე.
ენერგიის წყაროს მიხედვით, პირველადი ენერგორესურსი მოხმარების მხრივ ყველაზე მეტად გაზრდილია ბუნებრივი აირის მოხმარება, რომლის ზრდის ტემპი მხოლოდ განახლებადი ენერგიის წყაროებს ჩამორჩება. ბუნებრივ აირზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მწარმოებლები 2015-2040 წლებში მიწოდებას 42%-ით გაზრდიან. ევროპაში ენერგორესურსებზე მზარდი მოთხოვნა საქართველოში ექსპორტისა და ტრანზიტის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის.
ევროპასა და აზიას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა გლობალური ინტერესია. ამგვარი პროექტები მდგრადი განვითარებისა და ენერგეტიკული კეთილდღეობის გარანტიაა მრავალი ქვეყნისთვის.
რეგიონში ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების უამრავი შესაძლებლობაა. ამ პოტენციალის გონივრული გამოყენება და ახალი მრავალმხრივი პროექტების შემუშავება მნიშვნელოვნად შეცვლის რეგიონის გეოპოლიტიკურ ვითარებას.