დიმიტრი ქუმსიშვილი ჰენრიკ ჰოლოლეის შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურ დირექტორ ჰენრიკ ჰოლოლეის შეხვდა. ის საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იმყოფება, რომლის დროსაც საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად მონაწილეობას მიიღებს პანელში „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობაზე სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ სექტორში და განვითარების მიმართულებებზე. აღინიშნა იმ დადებით პროცესებზე, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ.

მხარეებმა ისაუბრეს იმ სატრანსპორტო კორიდორებზე, რომელთა შემადგენელიც არის საქართველო. მათ შორის, ტრასეკაზე (ევროპა – კავკასია – აზიის სატრანსპორტო კორიდორი) „შუა კორიდორზე“, „ლაპის ლაზულზე“, „სპარსეთის ყურე – შავი ზღვაზე“ და სხვ.

გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, აღმოსავლეთ – დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და სხვ.

აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერით, შემუშავდა საქართველოს ეროვნული ლოგისტიკური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებაც დაეხმარება საქართველოს, გახდეს რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბი.

შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს ახალ საინვესტიციო პროექტზე, რომლის მიზანსაც ქვეყანაში თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების ჩამოყალიბება წარმოადგენს. ისინი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ლოგისტიკური მომსახურების ხარისხს ქვეყანაში, ხოლო უშუალოდ აღნიშნულ ცენტრებში 800 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

გარდა ამისა, აღინიშნა, რომ ეფექტური და მდგრადი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა რეგიონალური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ასევე აღინიშნა, რომ საქართველო, რომელიც ევროპასა და აზიას შორის ერთ-ერთი ყველაზე მოკლე სატრანზიტო მარშრუტია, თანდათანობით ითავსებს რეგიონალური სავაჭრო და ლოგისტიკური ცენტრის ფუნქციას სატრანზიტო ტვირთების 60%-ზე მეტი გადაზიდვით. მნიშვნელოვანმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონალური სავაჭრო  ურთიერთობების ხელშეწყობას,  საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის გააძლიერა.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ რეგიონული სტრუქტურა, რომელზეც დაფუძნებულია სარკინიგზო, საგზაო, საზღვაო და საჰაერო მარშრუტები, მიზნად ისახავს ფუნქციონალური, ეფექტური და მაღალი ხარისხის სატრანსპორტო დერეფნების შექმნას, ქვეყნებს შორის კოორდინირებულმა საქმიანობამ კი შეიძლება განაპირობოს სატვირთო მოცულობების გაზრდა და შექმნას ახალი ბიზნეს შესაძლებლობები.

შეხვედრის ფარგლებში გენერალური დირექტორის მიერ აღინიშნა ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც  აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონალური ვაჭრობის სფეროში.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 28-29 ნოემბერს გაიმართება. მასში მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის, 1100 კერძო სექტორს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ფორუმში მონაწილეობს 500-ზე მეტი უცხოური კომპანიის წარმომადგენელი. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები