ირაკლი კობახიძე იან კელის შეხვდა

“მოხარული ვარ, რომ გაიმართა მრავალი კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მხარდაჭერა მოიპოვა სამოქალაქო საზოგადოების მიერ დასახელებულმა ერთ-ერთმა კანდიდატმა. ჩვენ დადებითად ვაფასებთ განვითარებულ მოვლენებს და ველით ახალი სახალხო დამცველის არჩევას”,- ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ სახალხო დამცველის კანდიდატის დასახელებას.

აღნიშნული განცხადება იან კელიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„გვსურს, საქართველო წარმატებული იყოს როგორც სრულად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული დემოკრატიული ქვეყანა და სახალხო დამცველის პოზიცია ამ მხრივ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ სახალხო დამცველი ეფექტური იყოს, ის უნდა იყოს სრულად დამოუკიდებელი მთავრობისგან. ძალიან მოხარული ვარ, რომ გაიმართა მრავალი კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებასთან და როგორც ჩანს, მხარდაჭერა მოიპოვა სამოქალაქო საზოგადოების მიერ დასახელებულმა ერთ-ერთმა კანდიდატმა. ჩვენ დადებითად ვაფასებთ განვითარებულ მოვლენებს და ველით ახალი სახალხო დამცველის არჩევას”,- განაცხადა იან კელიმ.

ელჩის თქმით, შეხვედრა ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა და მხარეებმა საკონსტიტუციო ცვლილებების, მართლმსაჯულების რეფორმისა და საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგის სხვა საკითხების შესახებ ისაუბრეს.

„ეს შეხვედრა ჩვენ მოვითხოვეთ. ძალიან დაინტერესებულები ვიყავით, მეტი მოგვესმინა მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ და ინტერესის მიზეზი ისაა, რომ გვსურს, დაგეხმაროთ. გვსურს, დახმარება გაგიწიოთ ტექნიკური კუთხით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ვისაუბრეთ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, არჩევნების შესახებ. შთაბეჭდილება მოახდინა, თუ რამდენად დატვირთული იქნება პარლამენტი მომდევნო კვირების განმავლობაში.  ვიცით რომ დღის წესრიგში მრავალი საკითხია, მათ შორის, მთავრობის რესტრუქტურიზაციის გეგმა  და სხვა საკითხები”,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები