დიმიტრი ლორთქიფანიძე ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს აკრიტიკებს

ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მცირე დოზით, საკუთარი მოხმარებისთვის ნარკოტიკის ქონა სისხლის სამართლებრივ დევნას აღარ დაექვემდებარება, პარლამენტის ყოფილი წევრი, „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე მწვავედ აკრიტიკებს.
შესაბამისი განცხადება ლორთქიფანიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, კანონპროექტის აღნიშნული სახით მიღება ნარკოტიკების გავრცელების პროპაგანდას შეუწყობს ხელს და სავალალო შედეგებს მოიტანს.
ლორთქიფანიძე თვლის, რომ დაუშვებელია ზედა ზღვარის გაზრდა.
„პორტუგალიური მოდელი“, რომელიც გულისხმობდა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცას, რეალურად ჩვენ შემთხვევაში წარმოდგენილი არ არის. მოცემულ კანონპროექტში, პროექტის ავტორები ძალიან კარგად მალავენ იმას, რომ „პორტუგალიური მოდელი“, სწორედაც გულისხმობს ნარკოპოლიტიკის იმგვარ ასახვას ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეში, რომელიც არ ითვალისწინებს რეპრესიების შემცირებას, პირიქით, ამ მოდელში სამოქალაქო უფლებებში შეზღუდვის შვიდსაფეხურიანი სისტემაა, რომელიც ამავდროულად გულისხმობს რეაბილიტაციის ცენტრების გახსნის აუცილებლობას და იცით, რამდენი ასეთი ცენტრია პორტუგალიაში? – 400-ზე მეტი. ჩვენ როცა ვერ ვახერხებთ ასეთი ცენტრებისთვის ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას, გადავდივართ ნარკოტიკების გავრცელების პროპაგანდაზე და ახალგაზრდებს ვუგზავნით მესიჯს, რომ მათ შეუძლიათ თავისუფლად ატარონ ნარკოტიკული საშუალების გარკვეული ოდენობა ჯიბით, ასევე მიდის საუბარი საშიში ნარკოტიკების დოზირებაზე გაზრდის მოთხოვნაზე და ეს სხვა არაფერია, თუ არა ნარკოტიკების პროპაგანდა ახალგაზრდებში და ასეთი კანონის მიღების შემთხვევაში, გაიზრდება მოხმარება. ჩვენ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. მინდა მჯეროდეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მოიძებნებიან საღად მოაზროვნე ადამიანები, მათ შორის პროფილური კომიტეტის ხელმძღვანელები (ჯანდაცვას ვგულისხმობ), რომლებიც უბრალოდ არ დაუშვებენ ამას. თუ ეს მაინც მოხდება, მივიღებთ საშინელებას. როდესაც შენ ადამიანს საშუალებას აძლევ, რომ 1 გრამამდე დაშვებული ზედა ზღვარი გაზარდოს 12 გრამამდე, ეს სხვა არაფერია თუ არა გავრცელებისთვის ხელის შეწყობა“,- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალი კანონპროექტი ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ 2017 წლის ივნისში დაარეგისტრირა. კანონპროექტის მიხედვით, მცირე დოზით, საკუთარი მოხმარებისთვის ნარკოტიკის ქონა სისხლის სამართლებრივ დევნას აღარ დაექვემდებარება.
კანონპროექტის ინიციატორების თქმით, დოკუმენტის საკომიტეტო განხილვები 1 დეკემბრამდე უნდა დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები