გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ გროისმანს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოსა და უკრაინის მთავრობის წევრების მონაწილეობით გაიმართა, მთავარი თემები ორი ქვეყნის პოლიტიკური ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში აქტიური თანამშრომლობა იყო.

„მოხარული ვარ, ვუმასპინძლო საქართველოს გამორჩეული მეგობარი ქვეყნის, უკრაინის პრემიერ-მინისტრს, ჩემს მეგობარს, ვოლოდიმირ გროისმანს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება.

აქვე, მსურს, მივესალმო უკრაინის მრავალრიცხოვან დელეგაციას, რომელიც პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს „თბილისის აბრეშუმის გზის” ფორუმში.

განსაკუთრებით აღვნიშნავ ჩვენი ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც გარდა მჭიდრო, მეტად მეგობრული ხალხთაშორისი ურთიერთობებისა, დაფუძნებულია ჩვენს საერთო ინტერესებზე და სწრაფვაზე, ვიყოთ თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი ნაწილი.

მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წელი საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების განსაკუთრებული ინტენსიფიკაციით გამოირჩევა, რაც გამოიხატა როგორც არაერთი მაღალი დონის ვიზიტითა და ღონისძიებით, ისე სექტორულ და საპარლამენტო დონეებზე აქტიური ურთიერთმოქმედებით. აქვე, მსურს, გავიხსენო საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პირველი, მეტად წარმატებული სახელმწიფო ვიზიტი“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარდა ნაყოფიერი პოლიტიკური ურთიერთობებისა, ორ ქვეყანას შორის აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმსა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.

„უკრაინა წლების განმავლობაში რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორად. მისასალმებელია, რომ მიმდინარე წელს სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის გაიზრდა 19%-ით და შეადგინა თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარი. ამასთან, უკრაინა საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-5 პოზიციაზეა. თუმცა, ეს ციფრები არ ასახავს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სრულ პოტენციალს, ჩვენ უნდა დავისახოთ ამბიციური მიზნები და საერთო ძალისხმევით უზრუნველვყოთ სავაჭრო ბრუნვის მაქსიმალური ზრდა ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ.

სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში, მივესალმებით საქართველოში უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ორი მემორანდუმის ხელმოწერას, რომლებიც ეხება მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის სისტემის განვითარებისა და წამლების ხარისხის კონტროლის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებას.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყნებს აქვთ მსგავსი პრობლემები და გამოწვევები. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; მკაცრად ვგმობთ  ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაციასა და  ანექსიას ისევე, როგორც რუსეთის ფედერაციის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში.

უკრაინაში რუსეთის უკანონო ქმედებები წარმოადგენს საქართველოში განხორციელებული აგრესიის გაგრძელებას, რასაც 2008 წლის აგვისტოში ჰქონდა ადგილი და რომლის შედეგადაც, ოკუპირებულია საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონები.

აქვე, ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუხდი უკრაინის მხარეს მადლობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო მხარდაჭერისათვის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ ერთმანეთის ძლიერი მხარდაჭერა და ერთობლივი ქმედებები საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა საქართველოსა და უკრაინის ინტერესები, გამოწვევები და პრობლემები მუდმივად იყოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

სულ სამიოდე დღის წინ, ჩვენმა ქვეყნებმა მონაწილეობა მიიღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტში. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად მივიღეთ მომავალზე და ამავდროულად პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული დეკლარაცია, რათა თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ, ევროკავშირთან დაახლოების პროცესისგან, კონკრეტული სარგებელი მიიღოს.

ჩვენს ქვეყნებს ერთი მიზანი აერთიანებს, გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრები. საქართველო მზად არის გადადგას შემდგომი, გაცილებით უფრო აქტიური ნაბიჯები – მზად ვართ განვახორციელოთ ძალიან კომპლექსური და ამბიციური რეფორმების გეგმა, რაც საბოლოოდ ჩვენს მიზანთან მიგვიყვანს.

დასასრულს, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას აქვს უზარმაზარი პერსპექტივა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, დავძლიოთ საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარი გამოწვევები და უზრუნველვყოთ ორი მეგობარი ერის მშვიდობიანი განვითარება და კეთილდღეობა“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები