„ახალგაზრდა ადვოკატები” – პარლამენტმა ომბუდსმენის კანდიდატურის შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა და მაღალი ლეგიტიმაცია ვერ შეძლო

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები”, საქართველოს სახალხო დამცველის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტს მეტი გამჭვირვალობისა და დემოკრატიისთვის, ომბუდსმენის კანდიდატურა ფართო სამოქალაქო დიალოგის ფონზე უნდა შეერჩია და არა მხოლოდ ვიწრო კუთვნილების მქონე ჯგუფთან ფორმალური კონსულტაციის შემდეგ.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, 2016 წლის მოწვევის პარლამენტმა, ვერ უზრუნველყო კონსტიტუციური ორგანოს – საქართველოს სახალხო დამცველის შერჩევის პროცესის მეტი ლეგიტიმაცია. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პარლამენტს არ უნდა დაერღვია ტრადიცია, საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატები შერჩეულიყვნენ სამოქალაქო სექტორთან ფართო დიალოგის პროცესში. პარლამენტს უნდა განესაზღვრა მომავალი ომბუდსმენის კანდიდატების წარმოდგენლებისთვის კონკრეტული თარიღი, როდესაც სამოქალაქო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს ან/და პირებს, რომლებსაც ადამიანის უფლებების სფეროში შესაბამისი გამოცდილება გააჩნდათ, შეეძლებოდათ განაცხადის გაკეთება. აღმოჩნდა, რომ საქართველოს პარლამენტმა რვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთი შეხვედრით, ასევე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთან კონტაქტის საფუძველზე, სახალხო დამცველის მომავალი კანდიდატის შერჩევის გადაწყვეტილება მიიღო, რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე მსურველ სხვა შესაძლო პირებს და ამ პროცესის საზოგადოებრივი ინტერესებით წარმართვის შესაძლებლობას აკნინებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი, კანონის თანახმად, ვალდებული არ არის, საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად შეარჩიოს, მაგრამ მაღალი პოლიტიკური კულტურის, ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციონალური პრინციპების დაცვისა და ობიექტურობის ტესტიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტს პროცესის წარმართვა ამ ფორმით უნდა მოეხდინა. ორგანიზაცია, მოცემულ შემთხვევაში, აქცენტს აკეთებს შერჩევის პროცედურებზე და არ განიხილავს სახალხო დამცველის მსურველი კანდიდატების საზოგადოებრივ რეპუტაციას, გამოცდილებას და მიუკერძოებლობის ხარისხს. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშანვს, რომ მოქალაქეების სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ ნდობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა, პარლამენტს შეერჩია პირი, რომელიც, თავისი ბიოგრაფიის არც ერთ ეტაპზე, პირადი და სამსახურეობრივი ურთიერთობებით, დაკავშირებული არ იქნებოდა სახელმწიფო ორგანოებთან და პოლიტიკური თანამდებობის პირებთან, საზოგადოებას ექნებოდა კონსოლიდირებული აზრი მის ბიოგრაფიასთან და მისი მიდგომები თავსებადი იქნებოდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის გამოწვევებთან.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ამ თვალსაზრისით, როდესაც მმართველმა პოლიტიკურმა კოალიციამ საქართველოს სახალხო დამცველის შერჩევა საზოგადოებრივი კონსესუსის შედეგად გადაწყვიტა, 2012 წელს ამ პროცესის მეტი გამჭვირვალობა უზრუნველყო. მაშინ, სახალხო დამცველის თანამდებობაზე, სულ შვიდი კანდიდატი: ლია მუხაშავრია, გელა ნიკოლეიშვილი, უჩა ნანუაშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, თამარ გურჩიანი, ნინა ხატისკაცი და ნათია იმნაძე იქნენ წარდგენილები, რომლებსაც საპარლამენტო კომიტეტებთან და ფრაქციებთან უშუალოდ მოუწიათ საპროგრამო საქმიანობის გაცნობა. ამ პროცესში, აქტიური მონაწილეობა მიიღო „ახალგაზრდა ადვოკატებმაც“.
ცნობისთვის: ორგანიზაციის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ინსტიტუციური დიალოგის პროცესში აქტიური სამოქალაქო მონაწილეობის უზრუნველყოფა, რაც მუდმივად გამოიხატებოდა საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციაზე ლია მუხაშავრიას კანდიდატურის წარდგენით (2012 წ.), საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენით (2015 წ.), საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად თემო ჭეიშვილის კანდიდატურის წარდგენით (2016 წ.), საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შოთა ქადაგიძის კანდიდატურის წარდგენით (2016 წ.) და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად ქეთევან ბექაურის კანდიდატურის (2017 წ.) წარდგენით. აქედან, სწორედ საქართველოს პარლამენტის ორი გადაწყვეტილება, ორგანიზაციის მიერ უშუალოდ წარდგენილი კანდიდატების სასარგებლოდ იქნა მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები