გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო აუცილებლად გააგრძელებს ძალიან ამბიციური რეფორმების გეგმას

საქართველოს წარმატებაზე არის სრული თანხვედრა და სრული კონსენსუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმიუთ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე საქართველოს წარმატების შესახებ ერთხმად აღინიშნა. „ყველამ აღნიშნა ის, თუ როგორ ვახერხებთ და ვახორციელებთ ძალიან ამბიციური რეფორმების გეგმას და ამასთან, დემოკრატიის კონსოლიდაციას. ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რაზეც იყო სრული კონსენსუსი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფორმატი აღმოჩნდა ინსტრუმენტი საქართველოსთვის, რომელმაც საშუალება მოგვცა, განგვეხორციელებინა დღემდე მნიშვნელივანი ნაბიჯები, როგორებიც არის ასოცირების ხელშეკრულება, სავაჭრო შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, საქართველოს ახლა გადასადგმელი აქვს შემდეგი, გაცილებით ამბიციური ნაბიჯები და რა განწყობაც არ უნდა იყოს ევროპაში და სხვადასხვა ქვეყნებში, საქართველო აუცილებლად გააგრძელებს ძალიან ამბიციური რეფორმების გეგმას.

„2020-სთვის წარმოდგენილი გვაქვს ყოვლისმომცველი რეფორმების გეგმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო წინ წავიწიოთ ევროპისკენ. ჩვენი პარტნიორებისგან არის აბსოლუტური მზადყოფნა, საქართველოს მაქსიმალურად დაეხმარონ ამ პროცესში, რადგან საქართველომ მიაღწია ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე იმისათვის, რომ როდესაც გაიხსნება შესაძლებლობების ფანჯარა საქართველოსთვის, ამ მომენტისთვის საქართველო მზად იყოს. ეს არის ჩვენი ამოცანა და ჩვენ ამ ამოცანას ვახორციელებთ. დეკლარაციაში აღნიშნულია მხარდაჭერა ევროპული მისწრაფებების, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აღმოსავლეთ პარტნიორობაში არის სხვადაასხვა ქვეყანა, ყველას აქვს თავისი სისწრაფე, თავისი ამბიციები. საქართველოს წარმატებაზე არის სრული თანხვედრა და სრული კონსენსუსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვემზადოთ იმ მომენტისათვის, როდესაც ევროპაში იქნება მზაობა, რომ გაიხსნას შესაძლებლობების ფანჯარა საქართველოსთვის და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები