“საზოგადოება და სახელმწიფო ქალთა წინააღმდეგ ჩაგვრასა და ძალადობაზე რეაგირებს”
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საერთაშორისო კონფერენციაზე „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის ინსტრუმენტები და მექანიზმები“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქალთა მიმართ ძალადობაზე საზოგადოება რეაგირებს. როგორც მან აღნიშნა, სამართალდამცავი სტრუქტურების მიდგომა ამ პრობლემის პრევენციისა და მოგვარების თვალსაზრისითაც გაიზარდა, ასევე ძალადობის წინააღმდეგ მაღალია პოლიტიკოსთა ინტერესიც.
თუმცა, პრეზიდენტის თქმით, კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, რათა ძალადობის პრობლემა აღმოიფხვრას.
„სახალხო დამცველს მადლობა მინდა გადავუხადო ამ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომ გვაძლევს შესაძლებობას შევიკრიბოთ და ვისაუბროთ ასეთ პრობლემურ საკითხებზე. ჩემი ინფორმაციით, ტრაგიკული რიცხვი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დაფიქსირდა 2017 წელს, არის 22 შემთხვევა ფემიციდისა, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საკითხზე მიმართვა ამ წლის განმავლობაში 10 000-ს აღწევს. ამავე დროს, საზოგადოება რეაგირებს ქალთა წინააღმდეგ ჩაგვრასა და ძალადობაზე, ასევე რეაგირებს სახელმწიფოც. მინდა კმაყოფილებით ვთქვა, რომ წელს მოვახდინეთ რატიფიკაცია 2011 წლის ევროპის საბჭოს კონვენციის, რომელიც აფართოებს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის არეალს. შემიძლია ისიც ვთქვა, რომ იზრდება კვალიფიკაცია და უნარი ჩვენი სამართალდამცველი სტრუქტურების და ინსტიტუტების, იზრდება რეაგირება სასამართლო სისტემის მიერ ამ პრობლემის პრევენციის თვალსაზრისით. ძალიან ბევრი ნაბიჯი კიდევ გადასადგმელია, ეს საკითხი არის მაღალი ინტერესების სფერო როგორც პოლიტიკოსებში, ასევე, სახელმწიფო ინსტიტუტებში. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ღია ვართ და ვუსმენთ, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვით ორგანოებს, ასევე, რეკომენდაციებს, რომლებსაც იძლევიან საერთაშორისო ექსპერტები, სახალხო დამცველი და ბევრი ნაბიჯი კიდევ უნდა გადაიდგას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საერთაშორისო კონფერენცია „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის ინსტრუმენტები და მექანიზმები“ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართა.