იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ჰელსინკში სამუშაო ვიზიტი დაასრულა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჰელსინკიში დასკვნითი შეხვედრები გამართა და ოთხ დღიანი სამუშაო ვიზიტი დაასრულა. საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და კომიტეტის წევრები ფინეთის იუსტიციის სამინისტროში იმყოფებოდნენ, სადაც იუსტიციის მინისტრის მრჩეველს ნიკლას ვილჰელმსონს და სამინისტროს კანონმდებლობის გადახედვის განყოფილების წევრს კატრი ჰაუტამაკის შეხვდნენ. შეხვედრაზე ქართული მხარე ფინეთის კანონშემოქმედებით პროცესს დეტალურად გაეცნო.

საპარლამენტო დელეგაციის წევრები, ფინეთის პრემიერ-მინისტრის ოფისთან არსებულ ზეგავლენის ანალიზის მარეგულირებელ საბჭოსთან გამართულ შეხვედრაზე, საბჭოს საქმიანობას და მის ფუნქციებს გაეცნენ.  საუბარი ასევე შეეხო პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობას, საკანონმდებლო ზედამხედველობის პროცესს და მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებს. შეხვედრაზე მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს და შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები დაგეგმეს.

ფინეთში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ვიზიტი  ევროკავშირის (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის” და ფინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

საპარლამენტო დელეგაციას ეკა ბესელია, დავით მათიკაშვილი, ნატო ჩხაიძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ანრი ოხანაშვილი, პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე და კომიტეტის აპარატის თანამშრომლები წარმოადგენდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები