ვინ არის პატრიარქის მოსაყდრედ დასახელებული მიტროპოლიტი შიო მუჯირი – ბიოგრაფია
მიტროპოლიტი შიო, 24 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა.
სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი შიო, ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში დაიბადა.
თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან, ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში. კონსერვატორიის პირველ კურსზე მან გაიმარჯვა ვიოლონჩელისტების პირველ რესპუბლიკურ კონკურსზე (გავიდა პირველ ადგილზე).
1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმეს მონასტერში. 1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო.
იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზერად, შემდეგ – ეკონომოსად.
1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა.
1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია.
იმავე წლის 20 სექტემბრიდან, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან, იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად, სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.
2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად.
2003 წლის 6 სექტემბერს იღუმენმა შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში ასე დაიწყო თავისი გამოსვლა:
„ჩემთვის უდიდესი პატივია ისიც, რომ წილად მარგუნეთ მსახურება სწორედ სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში, რომლის მოსახლეობაც ცნობილია თავისი მაღალი განვითარებითა და სარწმინოებისადმი ერთგულებით, და სადაც ინახება ისეთი დიდი სიწმიდეები, როგორიცაა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხელის ნაწილი და წმიდა ბერის – ალექსი შუშანიას ნეშთი, რომელთა ლოცვას მინდა შევავედრო ჩემი მომავალი მსახურება და ეპარქიის მთელი მოსახლეობა.
თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, დღეს თქვენს წინაშე წარდგომილი ამ წმიდა ტაძარში კიდევ ერთხელ ვითხოვ თქვენგან შენდობასა და მეოხებას ამ დიდი და წმიდა მსახურებისათვის. გევედრებით, გააძლიეროთ თქვენი წმიდა ლოცვები და თქვენი ყოვლადპატიოსანი ხელდასხმის მეშვეობით, გარდამოავლინოთ მადლი სულისა წმიდისა ჩემი უღირსების განსაწმედელად და ახალ მსახურებაში გასაძლიერებლად, სადიდებლად უფლისა და მართლმადიდებელი ეკლესიისა, ამინ!” (68, 2003, 9) „ – ეს არის ამონარიდი იღუმენ შიოს სიტყვიდან.
7 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა იღუმენ შიოს ეპისკოპოსად კურთხევა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ შეასრულა წმიდა სინოდის წევრების თანამონაწილეობით. წირვის ბოლოს უწმიდესმა და უნეტარესმა სიტყვით მიმართა მეუფე შიოს:
“თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფე შიო,
ეპისკოპოსო სენაკისა და ჩხოროწყუსა,
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, ძმანო და დანო,
ჩვენთან არს ღმერთი!
არ არის შემთხვევითი, შენ სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსად რომ გაკურთხეთ. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. თვითონ ქალაქის სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ იქ დიდი ადამიანები მოღვაწეობდნენ. ეს იყო სენაკი მრავალი სასულიერო პირისა. თუნდაც, გავიხსენოთ ბოლო პერიოდის დიდი მოღვაწენი, რომელთაც მთელი საქართველო ასახელეს. დღეს მათ წმიდა სახელებს მთელი მართლმადიდებლური სამყარო იცნობს.
სენაკში მოღვაწეობდნენ წმიდა მამა ალექსი შუშანია, მონაზვნები – ფავსტო და ეფსიმე, მამა კონსტანტინე ქვარაია, ჩემი დიდი მოძღვარი – მამა შიო ძიძავა და მრავალი სხვა. ასე რომ, მეუფე შიო, შენ მადლმოსილ ისტორიულ ეპარქიაში მიდიხარ და ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ამ ეპარქიაში არსებული მადლი კიდევ უფრო გაამრავლო და გააძლიერო. ძალიან კარგად ვიცნობ სენაკელებს, არაერთხელ მქონია მათთან შეხვედრა და ვიცი, რომ მთელი მოსახლეობა დიდი სიყვარულით დაგხვდება, უკვე ის ფაქტი, რომ დღეს სენაკელები საგანგებოდ ჩამოვიდნენ თავიანთი ეპარქიის მღვდელმთავრის კურთხევაზე, მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ მოსიყვარულე მრევლი გეყოლებათ. მაგრამ, ამასთან, ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ მღვდელმთავრის წოდება მოწამეობრივია; ეპისკოპოსი მუდამ განსაცდელის წინაშე დგას. იგი პასუხისმგებელია უფლის წინაშე არა მარტო საკუთარ სულზე, არამედ სამღვდელოებასა და მთელ მრევლზე. ამიტომ უნდა გაძლიერდე ლოცვით, მარხვით, მოღვაწეობითა და, რაც მთავარია, თავმდაბლობითა და მორჩილებით. შენ გელის მშვიდობა და სიხარული. ახლა კი მიიღე კვერთხი, რომელიც არის სიმბოლო მღვდელმთავრის მადლისა და დალოცე სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია და სრულიად საქართველო“ – აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ.
2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2009 წელს ეპისკოპოსი შიო აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.
2009 წლის 30 აპრილს წმინდა სინოდმა მას ჩააბარა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მრევლი.
2010 წლის 2 აგვისტოდან მიტროპოლიტია. 2010 წლის 21 დეკემბერს შევიდა ქართული ეკლესიის წმინდანების კანონიზაციის კომისიაში.
შეგახსენებთ, რომ ქაშვეთში, გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის დაწყების წინ, ილია მეორემ წაიკითხა ბრძანება, რომლის თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ მეუფე შიო დაასახელა.