ადამიანები, ვისი დაკავების სპეცოპერაციაც მიმდინარეობს, 2 წელია, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ცხოვრობენ
გაბრიელ სალოსის ქუჩის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ის ადამიანები, ვისი დაკავების სპეცოპერაციაც ამ წუთებში მიმდინარეობს, უკვე 2 წელია, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონკრეტულ ბინაში ცხოვრობენ.
ადგილობრივების თქმით, ეჭვმიტანილები, ის ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთა დაკავების სპეცოპერაციაც მიმდინარეობს, საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ისინი ამბობენ, რომ მათთვის საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ. მეზობლების თქმით, დაკავების ღონისძიებების დაწყება მოულოდნელი იყო.
“კვირას” ინფორმაციით, მიმდინარე სპეცოპერაციისას სპეცრაზმელი დაიჭრა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი, თუმცა, კლინიკა ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია 16 საათზე მეტია, მიმდინარეობს. ამ წუთებში სპეცრაზმი ცდილობს დანაშაულში ეჭვმიტანილები აიყვანოს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არასრულწლოვნებს ტერიტორიის დატოვებაში ეხმარებიან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, გვიან ღამით, განცხადება გაავრცელა: “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით, ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია”.