ხათუნა ლაგაზიძე: „ერთი გზა-ერთი სარტყელი“ – ამ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საერთაშორისო პროექტია“

2017 წლის 28-29 ნოემბერს, „თბილისის აბრეშუმის გზის“ რიგით მეორე ფორუმი გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს 50 ქვეყნის 1000-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.
ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.
ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, განახლებული აბრეშუმის გზის, იგივე ჩინეთის მთავრობის, ახალი ინიციატივის „ერთი გზა – ერთი სარტყელის“ პროექტში ჩართულობა, ამ ხელისუფლების ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია, როგორც ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ზრდის, ასევე, უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
„ჩინეთის ახალი პოლიტიკა ითვალისწინებს სავაჭრო და ენერგეტიკული კორიდორების დივერსიფიცირებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ანუ არსებული სავაჭრო გზების რეაბილიტაციას და ახალი, უფრო მოქნილი დერეფნების გაჭრას. ჩინეთთან საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების მომგებიანობა რამდენიმე მიმართულებით უნდა განვიხილოთ: პირველი, ეს არის სატვირთო ნაკადების მოზიდვა ჩინეთიდან ევროპისკენ და პირიქით, რაც ეკონომიკურად უზარმაზარი რესურსია საქართველოსთვის, რისკენაც უნდა იყოს მიმართული საქართველოს მთელი ინფრასტრუქტურა. მეორე – ეს გახლავთ ის რეალური პერსპექტივა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით გაეხსნა და რომელიც სწორად გამოიყენა საქართველოს ხელისუფლებამ ჩინეთთან ანალოგიური ხელშეკრულების დასადებად, რაც გზას უხსნის უზარმაზარ ჩინურ ინვესტიციებს საქართველოში, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე, მრეწველობის ყველა დარგში. და მესამე, როგორც ზემოთაღნიშნული ორი მიმართულების შედეგი: რაც უფრო მზარდი იქნება ჩინეთის ინტერესი საქართველოს მიმართ და რაც მეტ ჩინურ ინვესტიციას მოვიზიდავთ, მით მეტად იქნება დაინტერესებული იგი საქართველოს სტაბილურობითა და უსაფრთხოებით.
დღეს ჩინეთი რუსეთისთვის გაცილებით მეტად ანგარიშგასაწევი პარტნიორია, ვიდრე აშშ, ამიტომაც ის ღიად ვერ შეეწინააღმდეგება ჩინეთის ეკონომიკურ დამკვიდრებას საქართველოში და ვერც მისი ნების წინააღმდეგ წავა. ამ ფაქტორზე სულ უფრო ხშირად ამახვილებენ ყურადღებას ამერიკული კვლევითი ცენტრებიც, მაგალითად, ცნობილი ამერიკული „კარნეგის ფონდი“ თავის ძალზედ საინტერესო კვლევაში პირდაპირ ამბობს, რომ თუ ჩინეთი ამერიკასთან ერთად გადაინაწილებს საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ტვირთს, ეს ამ რეგიონისთვის ყველაზე მომგებიანი ვარიანტი იქნება,-აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
მისი ინფორმაციით, ეს ყველაფერი შანსია, რომლის რეალობად ქცევა, მთლიანად საქართველოს ხელისუფლების სწორ ხედვაზე და აქტიურობაზე დამოკიდებული.
„ჩინეთი არც სატრანსპორტო დერეფნების ნაკლებობას უჩივის და არც პარტნიორების დეფიციტს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, საქართველომ აქტიურად მოახდინოს საკუთარი თავის პოზიციონირება, როგორც „ერთი გზა -ერთი სარტყელის“ პროექტის ერთ-ერთი საკვანძო პუნქტის, რომელიც მრავალმხრივ მომგებიანია მასში მონაწილე მხარეებისთვის. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს საქართველოს მხარის ინიციატივით დაარსებული „თბილისის აბრეშუმის გზის“ უკვე ტრადიციად ქცეული ფორუმი, როგორც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლების და საერთაშორისო ორგანიზაციების შეკრებისა და თანამშრომლობის პლატფორმა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა – მასში მონაწილეობა მიიღო 34 ქვეყნის ოფიციალური დელეგაციის წევრმა და 50 ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენელმა. ღონისძიების მნიშვნელობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები