“ძალადობრივი მიდგომები უნდა შეიცვალოს” – რას გულისხმობს ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალი კანონპროექტი

0

ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალი კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ ხელმძღვანელი კოკა ლაბარტყავა კანონპროექტის ძირითად პრინციპებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ძალადობრივი მიდგომები ჰუმანური მეთოდებით უნდა შეიცვალოს.
როგორც ლაბარტყავამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძალადობაზე დამყარებული პოლიტიკის ნაცვლად, აქცენტი ჯანდაცვასა და განათლებაზე უნდა გაკეთდეს.
მისი თქმით, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა ვითარებას კიდევ უფრო ართულებს და უკუშედეგებს იძლევა.
„ეს რეფორმა მოიცავს სრულ ცვლილებას და კომპლექსური ხედვის დანერგვას. ძალადობაზე დამყარებული პოლიტიკიდან აქცენტი ჯანდაცვასა და განათლებაზე უნდა გადავიტანოთ, საგანმანათლებლო სისტემაში სპეციალური სწავლებით, შესაბამისი ცოდნა მივცეთ მომავალ თაობას, რომ იმ უბედურებას აარიდონ თავი, რასაც ნარკომანია და მასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქვია. ზოგადად, ნარკომანია ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს მწვავე და სუფთა პერიოდის მონაცვლეობა მთელი ცხოვრების მანძილზე. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ სწორედ ჯანდაცვის მიმართულებით მოხდეს ჩარევა“ – აცხადებს კოკა ლაბარტყავა.
მისივე თქმით, დღეს, ცივილური სამყარო, სწორედ ჯანდაცვის ზიანის შემცირების პროგრამებს ანიჭებს უპირატესობას და არა ძალადობაზე დამყარებულ პოლიტიკას. „თავი უნდა დავანებოთ პრობლემის მქონე ადამიანების დევნას, დაპატიმრებას, რადგან ასეთ მიდგომას შედეგი არ მოაქვს. გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის მიერ განხორციელებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, რაც გულისხმობდა 10 ათასობით ადამიანის კრიმინალიზაციას, მათ დასჯას, რის შედეგადაც ამ ადამიანების მდგომარეობა გართულდა და მსგავსმა დამოკიდებულებამ ბევრი სიცოცხლე წაგვართვა. შედეგები სავალალოა. ჩვენ გვსურს, რომ რესურსები მიემართოს ჯანდაცვის სერვისების ამოქმედებაზე და განათლების სისტემაში სპეციალური სწავლების დანერგვაზე. ამ ყველაფერს ბევრად ნაკლები დანახარჯები სჭირდება“, – აღნიშნა ლაბარტყავამ.
მისივე თქმით, რეფორმის ფარგლებში შეიქმნება 10-მდე სარეაბილიტაციო, ზიანის შემცირების ცენტრი და კომისიები.
მისი თქმით, რეფორმა პრობლემის მქონე ადამიანების მიმართ, ყოველგვარი სანქციის მოხსნას არ გულისხმობს.
„ადმინისტრაციული სასჯელი რჩება ნარკოტიკების მოხმარებაზე, მაგრამ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უქმდება. ციხეებში აღარ გავამწესებთ ადამიანებს. მათ ბედს განსაზღვრავენ სპეციალურად შექმნილი კომისიები, რომლებიც დაკომპლექტდება სოციალური მუშაკებისგან, იურისტებისგან, ფსიქოლოგებისგან და ამ კომისიების მიზანი იქნება იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც კონკრეტული ადამიანის წინაშე დგას და შემდეგ მოხდება მათი გადამისამართება სამედიცინო, სოციალურ და რეაბილიტაციის პროგრამებში, რომელიც ამოქმედდება. თავი უნდა დავანებოთ ამ ადამიანების პრობლემების გაღრმავებას“, -აცხადებს ლაბარტყავა.
მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში, კიდევ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება ნარკოტიკული საშუალებების გასაღების პრევენციაზე.

კომენტარები

კომენტარი