გიორგი ოვაშვილის ახალი ნამუშევრის, „ხიბულას“ ნახვა საქართველოს კინოთეატრებში იქნება შესაძლებელი

მაყურებელი ქართველი რეჟისორის, გიორგი ოვაშვილის ახალი ნამუშევარს, „ხიბულას“ საქართველოს კინოთეატრებში ნახავს. ეროვნული კინოცენტრის ცნობით, ამასთან დაკავშირებით, ხვალ კინოთეატრ „ამირანში“ პრესკონფერენცია გაიმართება, ფილმის დახურული ჩვენება კი 21 ნოემბერს შედგება.
სპეციალურად ამ მოვლენისთვის, საქართველოში მთავარი როლის შემსრულებელი – ჰოსეინ მაჰჯუბი ჩამოდის, რომელიც ფილმის ჩვენებას და პრესკონფერენციას დაესწრება.
„ხიბულა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის კოპროდუქციაა. ფილმის სცენარს საფუძვლად უდევს 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანაში განვითარებული რეალური მოვლენები. სიუჟეტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელ დღეებს მიჰყვება.
„ხიბულას“ მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში შედგა, ეროვნული პრემიერა კი ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.
„ხიბულას“ ნახვა საქართველოს კინოთეატრებში 23 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები