თბილისში 19 წლის ანდრო ქობალავას ეძებენ
თბილისში, სამართალდამცავები უკვე ერთი კვირაა, 19 წლის ანდრო ქობალავას ეძებენ.
როგორც „კვირას“ ქობალავას ოჯახის წევრმა განუცხადა, ახალგაზრდა მამაკაცი ვარკეთილის დასახლებიდან, ე.წ. ზღვის ქალაქიდან 10 ნოემბერს გავიდა. მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
„ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სკოლა ძლივს დაამთავრა. ფსიქიკური პრობლემები აქვს, მაგრამ არავის არაფერს უშავებდა. ანდრო სახლიდან ადრეც გაგვეპარა, მაგრამ მაშინ სამ დღეში ვიპოვეთ, თავის მეგობართან აღმოჩნდა, ახლა კი უკვე რვა დღეა ვეძებთ, ვეძებთ ყველგან – საქართველოს მასშტაბით ყველა საავადმყოფოში დავრეკეთ, მაგრამ არსად ჩანს. ადრე ასე არასდროს მოქცეულა და შევშინდით. ყველას გთხოვთ დახმარებას“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას ოჯახის ახლობელი.
მისივე ინფორმაციით, ანდრო ქობალიამ საცხოვრებელი სახლი 10 ნოემბერს, 22:00 საათზე დატოვა. ერთ-ერთი ვერსიით, მან ტაქსი გააჩერა და ოჯახისთვის გაურკვეველი მიმართულებით წავიდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ოჯახის წევრებმა დახმარებისთვის სამართალდამცველებს რამდენიმე დღის წინ მიმართეს და ახალგაზრდა მამაკაცის ძებნის ღონისძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.
ოჯახის წევრები საზოგადოებას თხოვნით მიმართავენ, რომ თუ ვინმემ მსგავსი გარეგნობის ახალგაზრდა შენიშნა, დაუკავშირდეთ ოჯახს შემდეგ ნომერზე: 558 20 57 59.
