თამარ ჩუგოშვილი: ჩემი პოზიცია ლიბერალური პოლიტიკისკენ ნაბიჯების გადადგმაა
“ჩემი პოზიციაა, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა მზრუნველობითი პოლიტიკით ჩანაცვლდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ნარკოპოლიტიკის შესახებ შეხვედრა ემსახურება იმას, რომ საკითხზე განსხვავებული პოზიციების მაქსიმალურად შეჯერება და დაახლოება მოხდეს.
თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრა დოზების გადახედვას და ამ საკითხზე მსჯელობას ეხება.
„დღევანდელ შეხვედრაზე ბევრი საკითხია, რომელზეც ნამდვილად არის განსხვავებული პოზიციები. ჩემი პოზიცია არის ლიბერალური პოლიტიკისკენ ნაბიჯების გადადგმა, რადგან რეპრესიული პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის კარგი და წარმატებული ნამდვილად არ აღმოჩენილა. ჩემი პოზიციაა, რომ რეპრესიული პოლიტიკა მზრუნველობითი პოლიტიკით ჩანაცვლდეს, რომელიც, ერთი მხრივ, შეამცირებს ნარკომომხმარებელთა რაოდენობას და მეორე მხრივ, მათ მიმართ სასტიკ ფორმებს არ გამოიყენებს. მე მგონია, რომ ეს შესაძლებელია. ჩვენ დაგვჭირდება ჯერ კიდევ ბევრი შეხვედრა იმისთვის, რომ ყველა ტექნიკური დეტალი განვიხილოთ და პოზიციები დავაახლოოთ”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.