მამა ანდრია: აზარტული თამაშებით ზიანდებიან ახალგაზრდები, მათ უკან მდგომი ადამიანები დიდ განსაცდელში არიან

0

“აზარტული თამაშებით ზიანდებიან ახალგაზრდები, მათ უკან მდგომი ადამიანები დიდ განსაცდელში არიან”, – ამის შესახებ მამა ანდრია ჯაღმაიძემ სამების საკათედრო ახალგაზრდულ ცენტრში განაცხადა, სადაც აზარტული თამაშების თემაზე შეხვედრა გაიმართა.

მისივე თქმით, აზარტული თამაშების თემაზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლები, ასევე, საზოგადოების წევრები. სასულიერო პირის ინფორმაციით, ეკლესიაც თავის წვლილს შეიტანს ამაში. მისივე თქმით, შაბათის შეხვედრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინიცირებულია.

“პრობლემა არის გლობალური. ამ აზარტული თამაშებით ზიანდებიან ახალგაზრდები, მათ უკან მდგომი ადამიანები დიდ განსაცდელში არიან. საზოგადოების არც ერთი ფენა არ დარჩენილა, რომელსაც ეს პრობლემა არ ეხება. გაპარტახებული ოჯახები, ახალგაზრდები, რომლებიც ასოციალურები არიან იმის გამო, რომ სრულიად ახალგაზრდა ასაკში ვალის გადახდის უდიდესი ტვირთი აწევთ. აზარტული თამაშით გართულს, აღარ აქვს ძალა, რომ იშრომოს, ისწავლოს, ოჯახი შექმნას. ეს პრობლემა ძალიან მრავალმხრივია”, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები.

“თითონ საკანონმდებლო ინიციატივაში მნიშვნელოვანი რეგულაციებია ნაგულისხმევი. ჩვენი ფორმატი საშუალებას იძლევა, რომ სამთავრობო სექტორის გარდა, საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, რომლებიც ამ საკითხებით არიან დაინტერესებულნი და წლების განმავლობაში, ამ საკითხებზე მუშაობდნენ, იყვნენ ჩართულნი. დღევანდელი დღის რეზიუმე იყო ის, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, სადაც შევლენ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლები, ასევე, საზოგადოების წევრები და რა თქმა უნდა, ეკლესიაც თავი წვლილს შეიტანს ამაში. როდესაც გამომსვლელებმა მიმოიხილეს პრაქტიკა და სხვა ქვეყნების გამოცდილება, ჩანს, რომ შესაძლებელია, ამ ინიციატივებს, უფრო მეტი შედეგისთვის, კიდევ რაღაც სხვა ზომები დაემატოს”, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრას დაესწრნენ ოჯახები, დედები, რომელთა შვილებიც აზარტული თამაშების შედეგად დაზარალდნენ.

კომენტარები

კომენტარი