“სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ უზრუნველყო კონსტიტუციის ფუნდამენტური სახით გადასინჯვა”
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, პარლამენტის მიერ ახლადმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე საუბრისას, განაცხადა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის ფუნდამენტური სახით გადასინჯვა უზრუნველყო.
„იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი ყოფილიყო გამართული, ჩვენ შევქმენით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელშიც იყო წარმოდგენილი 73 წევრი. კომისია აერთიანებდა როგორც პარლამენტის წევრებს, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, ასევე, არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს, ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, ექსპერტებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. იყო ძალიან ფართო, წარმომადგენლობით შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და სწორედ ამ კომისიამ უზრუნველყო კონსტიტუციის ფუნდამენტური სახით გადასინჯვა“, – განაცხადა კობახიძემ.