კახა კალაძემ თბილისის მერიის სამსახურების მომავალი ხელმძღვანელები დაასახელა (ვიდეო)
„პირველ რიგში, მინდა, თითოეულ თქვენგანს, ვინც დამხვდით და განაგრძობთ საქმიანობას, მადლობა გადაგიხადოთ მუშაობისთვის და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მეტად უფრო ნაყოფიერი იქნება, ახლებს კი გისურვებთ წარმატებულ დასაწყისს და ზოგადად, პროდუქტიულ საქმიანობას თქვენს სამსახურებში“, – ასე მიმართა დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის განახლებულ შემადგენლობას.
კახა კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქალაქო სამსახურების საქმიანობა იყოს ეფექტური და თვალსაჩინო თითოეული თბილისელისთვის, არსებული გამოწვევების დასაძლევად კი საჭიროა ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა.
„თბილისის სწორი განვითარება დგას ჩემი, თქვენი, თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმზე, მონდომებაზე და რაც მთავარია სურვილზე – ვემსახუროთ თბილისს. პირველ რიგში, მოვითხოვ თითოეული სამსახურის მუშაობის გამჭვირვალობას და მაქსიმალურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან – თბილისელებმა უნდა იცოდნენ თქვენი საქმიანობა, რას აკეთებთ კარგად, ან რა უნდა გააკეთოთ უფრო კარგად, რა არის დასახვეწი ან რაში გჭირდებათ საზოგადოების გვერდში დგომა. ჩვენ მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა უნდა მოვახერხოთ დედაქალაქზე ზრუნვის პროცესში“,- აღნიშნა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში გამართულ ბრიფინგზე.
თბილისის მერის განცხადებით, საათის მექანიზმივით აწყობილმა სისტემამ მერიის ეფექტური მუშაობა უნდა განაპირობოს. კახა კალაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
თბილისის მერიის სამსახურების ხელმძღვანელების ახალი შემადგენლობა:
ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაცია – ვლადიმერ ჭიღლაძე
იურიდიული საქალაქო სამსახური – სერგო ბირკაძე
საფინანსო საქალაქო სამსახური – გაიოზ თალაკვაძე
ზედამხედველობის საქალაქო სამსახური – გიორგი ბაგრატიონი
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური – გელა ჩივიაშვილი
კულტურის საქალაქო სამსახური – სოფიო ხუნწარია
განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური – ირაკლი გვილავა
ტრანსპორტის საქალაქო სამსახური – მამუკა მუმლაძე
ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური – გიგა გიგაშვილი
შესყიდვების საქალაქო სამსახური – გიორგი პაპავა
კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური – გივი კუბლაშვილი
უსაფრთხოების საქალაქო სამსახური – ნიკოლოზ ჭონქაძე
ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური – ანდრია ბასილაია