აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინო ბოლო ერთი კვირის მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 ღონისძიებაზე იყო წარდგენილი: ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენებზე ,,RAW NY” და ,,RAW LA”, ასევე ღვინის მსხვილი იმპორტიორების, დისტრიბუტორებისა და მედიისთვის გამართულ სპეციალიზირებულ დეგუსტაცია-პრეზენტაციებზე.
ქართული ღვინის დეგუსტაციებს ცნობილი ამერიკელი ღვინის მწერალი და პროფესიონალი ელის ფეირინგი უძღვებოდა. აქვე, ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფის, მოგზაურისა და ღვინის მწერლის კარლა კაპალბოს წიგნის „Tasting Georgia”-ს პრეზენტაციაც გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თამთა ყველაიძის შეფასებით, გამართულმა ღონისძიებებმა უჩვენა, რომ აშშ-ში ქართული ღვინის მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო მზარდია, რაც აისახება კიდეც ექსპორტის მონაცემებში.
„ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში ,RAW”-ს გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ქვევრის ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს აშშ-ში, რომელიც რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრად. ამავე ქალაქებში გაიმართა 3 დეგუსტაცია – 2 ნიუ-იორკში და ერთიც ლოს-ანჯელესში, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ ქართული ღვინო გაიცნონ საერთაშორისო რეპუტაციის მქონე მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლებმა და პოტენციურმა იმპორტიორებმა” – აღნიშნა თამთა ყველაიძემ.
მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 395 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 68%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. 50 ექსპორტიორ ქვეყანას შორის, მიმდინარე წელს აშშ მე-9 ადგილზე გადავიდა. თამთა ყველაიძის თქმით, აშშ-ში ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი გაცილებით დიდია და აქედან გამომდინარე, 2018 წელს ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს ამ ქვეყანაში აქტიურად გააგრძელებს.
აშშ-ში გამართულ გამოფენებზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქვევრის ღვინის მწარმოებელი მცირე მარნები: „ნათენაძის ღვინის მარანი”, „გოცას ღვინოები”, „არჩილ გუნიავას ღვინის მარანი – კვალითი”, „კერესელიძეების მარანი”, „ნაოტარი”, „ორგო”, „ბაბანეურის მარანი”, „ბრუალე”, „ივერი”, „მაკარიძის მეღვინეობა”, „ღვინის ქურდები”, „ფაფარი ველი” და „ამირან ვეფხვაძის ღვინის მარანი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები