“გარდაცვლილთა რაოდენობამ გადააჭარბა შობადობას” – საგანგაშო სტატისტიკა საქართველოში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თენგიზ ცეკვავამ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოში ჩატარებული აღწერისა და მოსახლეობის მკვეთრი კლების დინამიკის შესახებ ისაუბრა.
თენგიზ ცეკვავას განცხადებით, 2017 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით გაირკვა, რომ საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობამ შობადობას გადააჭარბა.
„2017 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით ჩვენ დავინახეთ, რომ შობადობა, ბოლო წლებთან შედარებით, პირველად ჩამორჩა გარდაცვალებას, ანუ გარდაცვლილთა რაოდენობამ გადააჭარბა შობადობას. ეს პროცესი არის სწორედ იმის გამოძახილი, რომ 90-იან წლებში შობადობამ იკლო და ის მოსახლეობა, ის ახალგაზრდები, რომლებიც ახლა ფერტილურ ასაკში შედიან და განსაკუთრებით ქალები, მათი რიცხვი ფაქტობრივად განახევრდა. თუ 80-იან წლებში დაიბადა დაახლოებით 450 ათასი ქალი საქართველოში, 90-იან წლებში დაბადებულ ქალთა რაოდენობა 230 ათასი იყო, ანუ განახევრდა და სწორედ ის ქალები, რომლებიც დღეს შედიან ფერტილურ ასაკში, სწორედ მათ მიერ გაჩენილი ბავშვების რაოდენობა დაიწყებს კლებას“,- განაცხადა თენგიზ ცეკვავამ.
მისივე განმარტებით, 1990-იან წლებში ჩატარებულ აღწერასთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობა 1.8 მილიონით შემცირდა.
„2014 წლის აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა 3.7 მილიონს შეადგენს, რაც 2002 წლის აღწერასთან შედარებით, მნიშვნელოვანი კლებაა, რადგან მაშინ 4.3 მილიონი დაფიქსირდა. კიდევ უფრო დიდი კლებაა 1989 წლის ბოლო საბჭოთა აღწერასთან შედარებით, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ 5.5 მილიონი შეადგინა. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, არის საბჭოთა კავშირის რღვევა, ასევე, ჩვენს ორ რეგიონში აფხაზეთისა და სამაჩაბლოში მიმდინარე პროცესები და ის დიდი მიგრაცია, რომელსაც ადგილი ჰქონდა 90-იან წლებში. შესაბამისად, ჩვენი შობადობის დონე უახლოეს წლებში შემცირდება სწორედ იმის გამო, რომ 90-იან წლებში გვქონდა დიდი ჩავარდნა.“, – აღნიშნა თენგიზ ცეკვავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები