“ეროვნული ბანკი რეაგირებას მოახდენს თუ დავინახავთ, რომ ფუნდამენტური მდგომარეობიდან კურსის მაჩვენებელი დიდი ხნით იქნება გადახრილი”

ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ლარის კურსზე საუბრისას, განაცხადა, რომ თუ ეროვნული ვალუტის ეს მაჩვენებელი დიდი ხნით იქნება გადახრილი მისი ფუნდამენტური მდგომარეობიდან, ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ინფლაციას.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი შესაბამის რეაგირებას მოახდენს და გამკაცრდება მონეტარული პოლიტიკა.
არჩილ მესტვირიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და ამ ბაზრისთვის დამახასიათებელია ცვალებადობა.
„რაც შეეხება თვითონ კურსზე მოქმედ ფაქტორებს, ჩვენ ამაზე ბევრჯერ გავაკეთეთ კომენტარი, მათ შორის, არის დეტალური კომენტარი გამოქვეყნებული ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე ბოლო დროინდელ ცვალებადობასთან დაკავშირებით. შემიძლია გითხრათ, რაც ჩვენ ბევრჯერ აღვნიშნეთ – ფუნდამენტური ფაქტორები არის პოზიტიური. მოლოდინების მხრიდანაა გამოწვეული ეს ქცევა და ჩვენ რასაც ვხედავთ, რომ იმპორტიორებმა, რომლებიც ადრე იანვარ-თებერვალში ყიდულობდნენ ვალუტას, შესყიდვა ჯერ კიდევ აგვისტოდან დაიწყეს. ახლა ეს უფრო გააქტიურებულია, რაც ასევე დაკავშირებულია მოლოდინებთან“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.
მისივე განმარტებით, როდესაც საუბრობს კურსზე, იგულისხმება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი არა ერთ ვალუტასთან დაკავშირებით, არამედ, სხვადასხვა ვალუტების საშუალო შეწონილი.
„თუ ჩვენ დავინახავთ, რომ კურსის ეს მაჩვენებელი დიდი ხნით იქნება გადახრილი მისი ფუნდამენტური მდგომარეობიდან, ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ინფლაციას და ჩვენ ამაზე მოვახდენთ რეაგირებას, მათ შორის, გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები