გიორგი კვირიკაშვილი: კახის წარმატება ყველაზე მეტად დავითს გაუხარდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავით ნარმანიას მადლობა გადაუხადა.
„მინდა, დავით ნარმანიას მადლობა გადავუხადო მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ის ამ წლების განმავლობაში, ზედმეტი ხმაურის გარეშე, ძალიან დიდი ოპოზიციური წნეხის ქვეშ ასრულებდა მნიშვნელოვან სამუშაოს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა დავით ნარმანიას საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენაზე.

„აქ არის უამრავი პროექტი, მხოლოდ რამდენიმეს ვიტყვი – ახალი ტფილისის პროექტი, სადაც 51 შენობა არამხოლოდ ფასადურად, არამედ მთლიანად გარემონტდა, აქედან 45 იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ეს არის სრულიად ახალი აშენებული გზები, როგორიცაა, კრწანისი-ტაბახმელას გზა, სამებიდან მახათასკენ მიმავალი სრულიად ახალი გზა, ეს არის სრულიად ახალი რეაბილიტირებული გამზირი, მათ შორის, პეკინის გამზირი და პუშკინის ქუჩაზე აღდგენილი ორმხრივი მოძრაობა და ესტაკადა, რომელიც იქ დამონტაჟდა. ეს არის დახურული ბაღების ნაცვლად ახალი ბაღები, 12 ახალი ბაღი გაიხსნა და ბევრია მშენებლობაში. ეკოლოგიურად სუფთა, კომფორტული ტრანსპორტი და ა.შ.

მე მინდა მადლობა გადავუხადო მას და ვუსურვო მომავალ საქმიანობაში წარმატება. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, ცხოვრება წინ მიდის და, რა თქმა უნდა, ყველა ველოდებით, რომ კახი კალაძის მერობა იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი თბილისისთვის.

კახის წარმატება ყველაზე მეტად დავითს გაუხარდება, იმიტომ, რომ ის არის კარგი ადამიანი. ნარმანია რჩება გუნდში და, რა თქმა უნდა, განიხილება სხვადასხვა ვარიანტი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები