“ნატომ და ევროკავშირმა კარი უნდა გაუღოს იმ ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებიც მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში არიან ჩართული”

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობა მიიღო, რომელშიც საქართველო სპეციალური სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე და რეგიონული ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში საქართველოს როლზე ისაუბრა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაა ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან ერთად ცდილობს და ფიქრობს ააშენოს უფრო დაცული და უსაფრთხო ევროპა.

საქართველოს შეაქვს პოზიტიური წვლილი ევროპის და მსოფლიოს სტაბილურობის გაძლიერებაში და ევროკავშირსაც და ნატოსაც უნდა ჰქონდეს მიმღებლობა ისეთი ქვეყნებისა, რომლის მოქალაქეებიც იცავენ მსოფლიო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის ანექსიური პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 90-იან წლებში, როდესაც რუსეთმა სამხედრო აგრესია განახორციელა საქარველოს ერთ-ერთ რეგიონზე, მაშინ მისი ქმედებები შესაბამისად არ იყო შეფასებული, -„უდიდესი ბირთვული სახელმწიფო ასევე შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წელს. 2014 წელს კი, მოხდა უკრაინის მოვლენები. 90-იანი წლებისა და 2008 წლის პრეცედენტები, რომ რაციონალურად შეფასებულიყო, შესაძლოა, უკრაინის შედეგი აღარ დამდგარიყო. რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაა და მას მკაფიო, ნათელი და რაციონალური შეფასება უნდა მიეცეს“.

საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიო, ნათელი და რაციონალური პოზიციის და პასუხების დაფიქსირებისაკენ მოუწოდა.

გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, რუსეთის ანექსიური პოლიტიკის მიზანი იყო შეეჩერებინა საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია, თუმცა საქართველომ 2008 წლის შემდეგ უფრო გაააქტიურა ეს პროცესი და მნიშვნელოვან შედეგებსაც მიაღწია.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმ შესაძლო პერსპექტივებზე, რომელიც საქართველოს ეხსნება აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, ნატოსთან ინტეგრაციის ფორმატში. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თუ რამდენად დიდი როლი აქვს პოლონეთს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე უფრო დინამიურად განვითარებად ქვეყანას საქართველოს ინტერესების დაცვის კუთხით, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის, ისე ნატოს სამიტებზე.

საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონული პროექტების, რეგიონული თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა და საქართველოს გეოპოლიტიკურ როლს გაუსვა ხაზი.

მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს დაცულობის, საქართველოს სტაბილურობის და უსაფრთხოების გარეშე ვერ შედგება ვერც რეგიონალური უსაფრთხოება და ვერც ის ტრანსკონტინენტური პროექტები, რომლებზეც ასე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ევროპული ეკონომიკა და აზიური ქვეყნების ბაზრები. ის, რაც ხდება საქართველოში განაპირობებს და განსაზღვრავს რეგიონალურ უსაფრთხოებას.

ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე და საქართველოს ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები