“ილია ჭავჭავაძე დაბადებულია კრავად, იგი არის კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა ერისა…”

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა ილია მართლის დაბადებიდან 180 და გარდაცვალებიდან 110 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია შედგა.

კონფერენციას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, მღვდელმთავრები, სამეცნიერო და ლიტერატურული წრეების წარმომადგენლები, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიისა და საქართველოს უნივერსიტეტების რექტორები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

საპატრიარქოს ინფორმაციით, კონფერენციას პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე უძღვებოდა.

მოხსენებებით ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო მინაშვილი (თემა, _ ,,ილია ჭავჭავაძე _ საქართველოს თანამდევი უკვდავი სული”), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ბენაშვილი (თემა, _ ,,ანალიტიკური აქცენტები ილიას შემოქმედებიდან”) და ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა მემანიშვილი-კალანდარაშვილი (თემა, _ ,,ილია ჭავჭავაძის ჰომილეტიკური ხასიათის პუბლიცისტიკა”) წარდგნენ.

წმინდა ილია მართლის საქველმოქმედო ფონდის თანადამფუძნებელმა, რეჟისორმა გიორგი სავანელმა საზოგადოებას ამცნო, რომ ამ საიუბილეო წელს ფონდმა ილია ჭავჭავაძის პრემია საზოგადოებისა და საერთოდ ერის განვითარების საქმეში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის დააწესა. ფონდის წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, პირველად ეს პრემია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ს მიენიჭა.

სიტყვით, ასევე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დიმიტრი შველიძე გამოვიდნენ.

დამსწრე საზოგადოებას ბოლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიმართა. უწმინდესმა და უნეტარესმა მადლობა გადაუხადა შეკრებილთ და წმინდა ილია მართლის ცხოვრებაზე ისაუბრა.

“ქალბატონებო და ბატონებო,გულითადად მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ, რომ მობრძანდით ჩვენთან!

წმინდა ილია მართლის, ჭავჭავაძის, ცხოვრება საიდუმლოებით არის მოცული. ძნელია, ისაუბრო მასზე. უპირველეს ყოვლისა, იგი გვაძლევს იმედს, რომ მომავალი შენია, სამშობლო, და მომავალი კეთილია. თვითონ სახელი ,,ელია” მოიცავს ღვთის სახელს ორგზის: ,,ელ” _ ღმერთი და ,,იახვე” _ უფალი, ე.ი. _ ღმერთი-უფალი. ასე, ერთ სახელში არის ორჯერ ნახსენები ღმერთი. ილია ჭავჭავაძე დაბადებულია კრავად. ის არის კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა თავისი ერისა. მისი მკვლელები სულ სხვა შედეგს ელოდნენ. მათი მიზანი იყო მოესპოთ ილიას სახელის ხსენება. მათ რომ სცოდნოდათ, რომ ქართველი ერი ასე განადიდებდა ილიას, _ ისინი მას არ მოკლავდნენ.

დღეს ილია ჭავჭავაძე არის მლოცველი ჩვენთვის.შეგეწიოთ მისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და საქართველოს, ამინ!

დალოცვილი იყავით, გაიხარეთ!”- ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ წმინდა ილია მართლის პიროვნებაზე.

კონფერენციაზე საგალობლები კვარტეტმა ,,მუხამბაზმა” და არქიმანდრიტმა სერაფიმემ (ბიტ-ხარიბი) თავის გუნდთან ერთად შეასრულეს.

ოთხშაბათს, 8 ნოემბერს, 13 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მთაწმინდაზე წმინდა ილია მართლის განსასვენებელზე გადაიხდის პარაკლისს.

აღსანიშნავია, რომ წმინდა ილია მართლის ფონდი, საიუბილეო კონფერენციას საინგილოშიც გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები