თაწმინდის პანთეონი პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვის შემდეგ დაიხურება

ცნობილ ქართველ პოეტსა და საზოგადო მოღვაწე ჯანსუღ ჩარკვიანს, რომელიც 86 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში 9 ნოემბერს დაკრძალავენ, რის შემდეგაც პანთეონი დაიხურება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესის და უნეტარესის ილია II-ის სურვილის თანახმად, დაკრძალვამდე პოეტს, ხუთშაბათს დილით, სახლიდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც 11:00 საათიდან სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და მთაწმინდის პანთეონში 15:00 საათზე დაკრძალავენ.
როგორც „სითი კვირას“ პოეტმა მაყვალა გონაშვილმა განუცხადა, ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვის საკითხი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დღეს გადაწყდა.
დაკრძალვის ხარჯებს მთლიანად თბილისის მერია დაფარავს.23167667_1607116785978483_8518222917242614004_n
„ჯანსუღ ჩარკვიანი ფაქტობრივად დიდი ქართული მწერლობის ბოლო ფურცელი იყო და ასევე დახურა მთაწმინდის პანთეონი“, – განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.
კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ოჯახის წევრი, პოეტის შვილიშვილი ირინოლა ჩარკვიანი, „ქართული სიტყვის“ რედაქტორის მოადგილე ვანო პავლიაშვილი, ანზორ ექრომაიშვილი და ჯამლეტ ხუხაშვილი.
ჯანსუღ ჩარკვიანმა პირველი ლექსი 1947 წელს გამოქვეყნდა. 1959 წელს გამოვიდა პოეტის პირველი წიგნი „ერთი ღამის სიჩუმეში”. ასევე, გამოცემული აქვს წიგნები: „რწმენის კედელი” (1970), „დიდი ნათელი” (1980), „ერთტომეული” (1981), „რჩეული პოემები” (1983), „მე და შენ” (1984), „არცა ვმსახურობდე სხვას!” (1989), პუბლიცისტური წიგნი „თავისუფლება ლომთა ხვედრია”.
1991-1993 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული.
პოეტის ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. იყო მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს” დირექტორი, საზოგადოება „თბილისელის” პრეზიდენტი.
1978 წელს მიენიჭა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, 1985 წელს, 1983-84 წლებში გამოქვეყნებული ლექსების ციკლისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 1998 წელს მიიღო შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია. არის ღირსების ორდენის კავალერი. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 1996 წელს. 1995 და 1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები