მარიამ ჯაში: ჩვენი მთავარი მიზანია, განათლების კუთხით, საქართველო ვაქციოთ მნიშვნელოვან ცენტრად

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის” მაგისტრატურის კურსდამთავრებულების დიპლომების გადაცემის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ და მაგისტრანტებს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა მიულოცეს.

„გილოცავთ! დღეს გადაჭარბების გარეშე, თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. დღეს სრულდება ერთი ეტაპი იმ ძალიან დიდი შრომის და ამაგის, რომელიც წლების მანძილზე გაქვთ ჩადებული. დღეიდან იწყება კიდევ უფრო საინტერესო ეტაპი, ეს არის ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილების შეძენა და, დღეიდან, მე ვფიქრობ, რომ თქვენზე არის დამოკიდებული ყველა ის წარმატება, რომელსაც შემდგომ მიაღწევთ”, – მიმართა კურსდამთავრებულებს მარიამ ჯაშმა. მან გაიხსენა  საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებული სისტემა, რომელსაც რადიკალურად განსხვავებული  სისტემა  მოჰყვა და მთ შორის არსებულ განსხვავებაზე გაამახვილა ყურადღება.

„ახალი სამყაროს პირობებში კარგია ის, რომ გაქვთ რეალური შესაძლებლობა, თქვენი ნიჭი და პოტენციალი გამოიყენოთ მაქსიმალურად, მიაღწიოთ ძალიან ბევრ წარმატებას და სწორად იყოს დაფასებული ის ცოდნა და შრომა, რომელიც არის ჩადებული თითოეულ ეტაპზე თქვენი სწავლის და შემდგომში პროფესიული ზრდის პროცესში. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში გვაქვს რამდენიმე მაგალითი არაჩვეულებრივი, წარმატებული უმაღლესი სასწავლებლების. მიხარია, რომ ნათელი წერტილები და მაგალითები ჩნდება კერძო სექტორში, ეს არის ძალიან დიდი სტიმული”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მან კორეელების სიბრძნე გაიხსენა, რომელის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ის, რომ  სახლთან ახლოს ჰქონდეს შვილს სკოლა.

„სკოლაში იგულისხმება როგორც ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე უნივერსიტეტები. ჩვენ გვინდა, უდიდესი შესაძლებლობები ჩვენი სტუდენტებისთვის, რომ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ჰქონდეთ სწავლის  შესაძლებლობა.  ჩვენი მთავარი მიზანი იქნება, საქართველოში გვქონდეს ისეთი უნივერსიტეტები, რომ საჭირო არ იყოს გამგზავრება, მრავალწლიანი აკადემიური მივლინება და, პირიქით, საქართველო ვაქციოთ ძალიან მნიშვნელოვან ცენტრად განათლების კუთხით. მე ვფიქრობ, რომ „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი” შეიძლება გახდეს ის მაგალითი, რომელიც მოიზიდავს არამხოლოდ ქართველ სტუდენტებს, არამედ თქვენს უცხოელ  თანატოლებს და პროფესიონალებს”, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მან წარმატება უსურვა კურსდამთავრებულებს და ცოდნის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.  „ცოდნა არის თავისუფლება, ცოდნა არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელიც ილიას შემოქმედებიდან შეგვიძლია ამოვიკითხოთ. ჩემთვის ერთ-ერთი საპატივცემულო პოლიტიკოსი ჯონ კენედი წერდა: იკითხე არა ის, თუ რა უნდა გაგიკეთოს ქვეყანამ, არამედ შენ რა შეგიძლია გაუკეთო შენს ქვეყანას, გისურვებთ წარმატებას და ყოველთვის მზად ვარ თქვენთან თანამშრომლობისთვის”, – მიმართა მარიამ ჯაშმა ახალგაზრდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები